ბიზნესი
12/11/2020

"მძიმე კრიზისის ფონზე პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესისთვის ახალ რისკებს ქმნის"

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს. როგორც ნინა კობახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ისედაც მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე დამატებული არასტაბილური გარემო ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს.

„ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესს სტაბილური პოლიტიკური გარემო სჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს უმძიმესი გამოწვევა არა მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლისა და საკუთარი კოლეგების ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით, არამედ რამენაირად ეს ეკონომიკური კრიზისი არის დასაძლევი. მინიმუმ, იმ ნიშნულამდე მაინც უნდა მივიდეთ, სადაც კოვიდამდე ვიყავით. ამ ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა წყალს ასხამს ჩვენს კრიზისულ მდგომარეობას.

ჩვენი დამოკიდებულება დღეს ერთადერთია, ამ არასტაბილურ ვითარებაში მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სამართლიან ჩარჩოებში გადაიტანონ პროცესი და მაქსიმალურად შეიკაონ თავი რადიკალური პროცესებისგან, რომელიც დამატებით კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასა და თითოეული ბიზნესისთვის ახალი კრიზისების გაჩენის საშიშროებას იწვევს. ძალიან დიდი გულისყურით ვუყურებთ მიმდინარე პროცესებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ და პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც ასევე ჩვენ ვაფინანსებთ გადასახადებით, იპოვნიან გზებს, რომ დასხდნენ ერთ მაგიდასთან და გამოვიდეთ ამ კრიზისული ვითარებიდან. ყველა ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს, პარლამენტში იხილოს 9 პარტია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მეტს მისცა ხმა და ვინ ნაკლებს. ჩვენ, ბიზნესი მზად ვართ, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდებთ თავიანთი საქმე აკეთონ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიას უწევს შექმნილი მდგომარეობის გამო საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ქვეყანა კრიზისულ ვითარებას მალე დაძლევს.

„ჩვენ გვყავს ამერიკელი დამფუძნებლები. იმის ახსნით ვართ დაკავებული, რომ ეს არის დაძლევადი გარემოება. იმის მაგივრად, რომ ყველა ერთ მაგიდასთან ვისხდეთ, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია და ბიზნესი და ვმსჯელობდეთ, რა გზებით შეიძლება ეკონომიკური კრიზისის გადალახვა, ამის მაგივრად ვუყურებთ პროვოკაციულ და ძალადობრივ ელემენტებს, რომელიც არავის შედეგზე არ გაიყვანს. თუცმა, აქაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იმედი გვაქვს, რომ მათი ჩართულობით ვითარების ესკალაცია მოხდება“,- ამბობს კობახიძე.