ბიზნესი
03/03/2023

Maroma Collection-ი მამაკაცის და საბავშვო ხაზის დამატებას გეგმავს

ქართული სამოსის ბრენდი Maroma Collection-ი წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანია, რომელიც ამ ეტაპზე, მხოლოდ ქალის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს, 2024 წლიდან საბავშვო და მამაკაცის ხაზის დამატებას გეგმავს.

„ამჟამად, ქალის ხაზის გარდა, ე.წ უნისექს სამოსსაც ვაწარმოებთ. თუმცა, იმდენად დიდია მოთხოვნა მამაკაცის და ბავშვის ხაზზეც, ვაპირებთ ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყებასაც“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა მადო რომანიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, დიდია კომპანიის საექსპორტო გეგმებიც. Maroma Collection-ი საკითხზე მოლაპარაკებებს იაპონიასთან აწარმოებს, სადაც გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.

„როცა საქმე ექსპორტს ეხება, იაპონიას გაცილებით დიდი მოთხოვნები აქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებს. ამიტომ, დაიტოვეს ჩვენი კოლექცია, რომელიც ტესტირებას გადის და სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე გვეცოდინება უკვე პასუხი, გავა თუ არა ჩვენი პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, თუ სამოსი წარმატებით გაივლის იაპონურ ტესტირებას, Maroma Collection-ის პროდუქცია აღნიშნულ ქვეყანაში სექტემბრიდან გაიყიდება.

ცნობისთვის, ამჟამად, Maroma Collection-ის სამოსი ექსპორტზე საფრანგეთში, სერბეთში, ინგლისსა და აშშ-ში გადის. რაც შეეხება საქართველოს, აქ თბილისში, მაღაზია „ჩაცმას“ 2 ფილიალშია წარმოდგენილი.

 

 

Businesspartner