ბიზნესი
26/05/2021

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში ძლიერი ავიაკომპანიები უნდა მოვიზიდოთ

ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილის რანგში მარიამ ქვრივიშვილი საქმიანობის რამდენიმე მთავარ მიმართულების მიზანს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვაა.

როგორც ქვრივიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა, მისი ერთ-ერთი ამოცანა ავიარეისების სიხშირეების გაზრდაა.

"ჩემი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს ავიარეისების სიხშირეები. უნდა შევძლოთ, რომ მოვიზიდოთ კიდევ უფრო ძლიერი ავიაკომპანიები. მათ შორის ისინიც, ვინც კორონავირუსის პანდემიამდე დაფრინავდნენ საქართველოს მიმართულებით. ამასთან, რა თქმა უნდა, უნდა განვაგრძოთ მოლაპარაკებები ახალ სტრატეგიულ ავიაკომპანიებთან", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.