ბიზნესი
11/03/2021

მარეგულირებელი "მაგთის" "მაგთიფიქსის" ლიცენზიის საფასურს 16 მლნ-დან 161 000-მდე უმცირებს

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე შეუმცირა.

კომისიამ მაგთიკომის მოთხოვნით კომპანია „ერნსტ ენდ იანგს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ღირებულების დათვლა ბიზნესმეთოდოლოგიით დაუკვეთა და ახალი ტარიფით ლიცენზიის საფასური 100-ჯერ შემცირდა.

კომპანაის ლიცენზიის მოქმედების ვადა 2029 წლამდე აქვს.

„მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 ათასიდან, მხოლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, იმისთვის რომ ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს", - ნათქვამია მარეგულირებლის გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმება სურდა და ამ მოთხოვნით ის მოთხოვნით კომისიაც მიმართა. საბოლოოდ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისიწნებით ლიცენზია კომპანიამ შეინარჩუნა, რადგან კომისიამ „მაგთიკომი“ დაავალდებულა, რომ „მაგთიფიქსის“ 100 ათასზე მეტი აბონენტი, რომელიც კომპანიისგან მომსახურებას იღებდა, სერვისის გაუქმების შემთხვევაში ორი წლის განმავლობაში ალტერნატიული მომსახურებით უზრუნველეყო.

2021 წლის 11 მარტის მონაცემებით, „მაგთიფიქსით“ 10 ათასამდე აბონენტი კვლავ სარგებლობს.

მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ  "მაგთიფიქსის“ სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინაიდან ამ გეოგრაფიულ არეალში სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების მიღების პრობლემაა.

"აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის აღნიშნული გადაწყვეტლების პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ლიცენზიის საფასური 100-ჯერ შეუმცირდა, „მაგთიკომმა“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, კომისიას კვლავ მიმართა. კომუნიკაციების კომისია კომპანიის მოთხოვნას კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს", - ნათქვამია განცხადებაში.