“მანნა“ 2020 წლის ბოლომდე ბაზარზე ხილის ჩაის გამოიტანს
ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანნა“ 2020 წლის ბოლომდე ბაზარზე ხილის ჩაის გამოიტანს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ განუცხადა, ჩაი ერთჯერად შეფუთვაში გაიყიდება.
ამ ეტაპზე კომპანია 10 სხვადასხვა სახეობის ჩაის აწარმოებს, ნედლეულს კი გურიის და სამეგრელოს ფერმერებისგან იბარებს.
როგორც ღურჭუმელია აღნიშნავს, ჩაი „მანნა“ წარმოდგენილია თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტში.
მისი ინფორმაციით, პანდემიამდე კომპანიის გაყიდვების 60% ექსპორტზე მოდიოდა. მათ შორის იყო, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა. „Covid 19-მა საექსპორტო მიმართულებაზე პრობლემები შექმნა, თუმცა ახლა უკვე პანდემიამდე პერიოდის საექსპორტო მაჩვენებელს ვცდილობთ დაუახლოვდეთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადასთანაც,“ - აცხადებს ღურჭუმელია.
როგორც ღურჭუმელია აცხადებს, კომპანიის მიზანია მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქცია. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც, რაც ქართული წარმოების ჩაისთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში. ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 8 ტონა ჩაის გადამუშავებაა, ეს კი სრული დატვირთვის დაახლოებით 30-40%-ია.