მამუკა ხაზარაძე: სათამაშო ბიზნესი ყველაზე მაღალ ბრუნვიანი ინდუსტრიაა და კაპიკებს იხდის ბიუჯეტში
ოპოზიციონერი დეპუტატის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ეკონომიკას. თითქმის ყველა ინდუსტრიამ განიცადა ზარალი, გამონაკლისია სათამაშო ბიზნესი, რომლის ბრუნვამ 32 მლრდ-ს მიაღწია. პრემიერის ბრძანებით კი, მათ მოსაკრებელი მოუხსნეს.
"პანდემიის პირობებში პრაქტიკულად არ დარჩენილა არცერთი ინდუსტრია, რომელმაც სერიოზული ზარალი არ განიცადა, ერთადერთი ინდუსტრიის გარდა, რომელიც არის სათამაშო ბიზნესი, რომლის ბრუნვამ 32 მლრდ-ს მიაღწია. ასეთი ბრუნვა არცერთ ინდუსტრიას არ აქვს საქართველოში, ამის ფონზე პრემიერ-მინისტრმა გამოსცა ბრძანება და კაზინოებს მოუხსნა მოსაკრებელი. რატომ იხდნის 32 მილიარდიანი ბრუნვის ინდუსტრია კაპიკებს ქვეყნის ბიუჯეტში, რით ახსნით ამას", - მიმართა პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელმაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
დეპუტატს გიორგი კაკაურიძემ უპასუხა და განმარტა, რომ სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში ბრუნვის ზრდა არ ნიშნავს, რომ მოგება იგივე მოცულობით იზრდება.
ამასთან, მისი თქმით, როდესაც მიწის სათამაშო ბიზნესმა, იგივე კაზინოებმა პანდემის დროს ლიცენზიის თანხა გადაიხადეს, მათ მუშაობის საშუალება მაინც არ მიეცათ. შესაბამისად, მთავრობამ მათთვის 5 მილიონიანი განაკვეთის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო.
"სათამაშო ბიზნესი სხვა ბიზნესებისგან განსხვავებულია. ძალიან არ მინდა სათამაშო ბიზნესის დამცველად გამოვიდე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბრუნვა გაიზარდა, არსებობს სათამაშო ბიზნესის ორი ძირითადი სახეობა - მიწის, სადაც კაზინო არსებობს და ელექტრონული ნაწილი. მიწის ნაწილში ნამდვილად შეეხო პანდემია და ფაქტობრივად დახურული იყო, თუმცა ელექტრონული ნაწილი, მას ნაკლებად შეეხო კი არა პანდემია, შეიძლება გაიზარდა კიდეც ამ პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს კაზიონებმა ლიცენზიის თანხა გადაიხადეს, სახელმწიფომ მათ მუშაობის საშუალება არ მისცა. ეს იყო მხედველობაში მიღებული და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ 2022 წელს მათ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო დაბალი განაკვეთი ყოფილიყო, ვიდრე 5 მლნ, რაც ყოველწლიურად ისედაც დადგენილია. ეს განაკვეთი განახევრდა და შეუძლიათ 2.5 მლნ-ს შემთხვევაში იფუნქციონირონ.
შეიძლება რომელიმე შემთხვევაში ერთ პირს უკავშირდებოდეს მიწის და ონლაინ კაზინოები, მაგრამ რეალურად სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტები არიან ესენი", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილემ აქვე აღნიშნა, რომ მომავალში შესაძლოა იყოს მსჯელობა, როგორც დაიბეგროს ელექტრონული ნაწილი უფრო მეტად, ვიდრე კაზინო.