მალხაზ დოლიძე: ახალ წლამდე პურის გაძვირებას არ ველოდებით
როგორც “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, უახლოეს მომავალში პურის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.
“პურის ფასის ზრდას ახალ წლამდე არ ველოდებით, ყოველ შემთხვევაში ეს არ იქნება მკვეთრი და მტკივნეული. შეიძლება 5-10 თეთრის ფარგლებში შეიცვალოს. არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, რადგან ბოლო ერთ კვირაში პარიზის და ნიუ–იორკის ბირჟებზე, სადაც ხორბლის ფასები ფიქსირდება, აღნიშნულის ფასი (1 ტონა) $320-დან, რეკორდულ ნიშნულზე $350-მდე გაიზარდა, რაც საგანგაშოა. კიდევ ერთხელ, ეს საქართველოსთვის იმის ნიშანია, რომ ხორბლის წარმოება გავზარდოთ. ამისათვის გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები, რომ ჩვენი ხორბალი და პური გვქონდეს."–აღნიშნავს, მალხაზ დოლიძე.
მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ რუსეთმა ხორბალზე საბაჟო გადასახადი $67 დოლარამდე გაზარდა და შესაბამისად ამან ფქვილის ფასიც გაზარდა. 1 ტომარა პირველი ხარისხი ფქვილი საქართველოში 72 ლარი, ხოლო უმაღლესი ხარისხის 90 ლარი ღირს.
მან ასევე აღნიშნა, რომ სექტორს ხელშეწყობა სჭირდება, თუნდაც საბაჟოზე არ უნდა შეექმნათ იმპორტიორებს დამატებითი პრობლემები. ასევე, ენერგო კომპანიები, ჩასაფრებული არიან დეპოზიტების წართმევაზე.