ბიზნესი
30/03/2021

მახათას მთაზე Army City-ს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება - რა პირობებით მიიღებენ სამხედროები ბინებს

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით მახათას მთაზე ოფიცრებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. ამ ეტაპზე 31 კორპუსის საძირკველი უკვე ჩასხმულია, მიმდინარეობს სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები და სხვა სამუშაოები.

გეგმის მხიედვით, სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

ბინათმშენებლობის პროექტი ასევე, ითვალისწინებს ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში აღნიშნული თანხის ნახევრის დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.