ბიზნესი
24/04/2021

მაისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმში ჯანდაცვის სექტორი მიიღებს მონაწილეობას

მაისის ბოლოს საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ორგანიზებით საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიების დელეგაცია ეწვევა. დაგეგმილია ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა, განიხილება როგორც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ჩეხეთიდან ინვესტიციების განხორციელების, ასევე ერთობლივი ქართულ-ჩეხური კომპანიების ჩამოყალიბების პერსპექტივები.

დეტალებზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვამ ონლაინ შეხვედრაზე.

მხარეებმა განმარტეს, რომ პანდემია უკვე აისახა ნეგატიურად ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაზე და მზად არიან წაახალისონ ექსპორტიორი კომპანიები, რათა უფრო აქტიურად და წარმატებით შეძლონ ერთმანეთის ბაზრებზე შესვლა. ამ მიზნით, გადაწყდა ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიების ორგანიზება და ბიზნეს ფორუმების მოწყობა.

გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა, ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე აიყვანს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მაისში ორი ქვეყნის ბიზნესმენები შეძლებენ, ერთმანეთისთვის საინტერესო ბიზნეს იდეებისა და პროექტების შეთავაზებას.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ამ სექტორში ქვეყნებს შორის არსებობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირდაპირ ფრენებზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის, რომელიც განსაკუთრებით უწყობს ხელს ტურისტების ზრდის დინამიკას.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდეს, რომლის დროსაც განხილული იქნება პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები. ბოლოს კომისიის სხდომა 2019 წელს ჩეხეთში გაიმართა.