ბიზნესი
20/11/2020

მაიკლ ქაუგილი: COVID-თან ბრძოლაში მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი, მაიკლ ქაუგილი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები კორონა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

"ვფიქრობ, რომ მთავრობა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. კორონა ვირუსი ნამდვილად უხილავი მტერია, რომელთან ბრძოლაც მარტივი არ არის. მას ნებისმიერ ადგილას შეუძლია შეღწევა. ნამდვილად ძალიან სამწუხაროა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი. თქვენ ხედავთ, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა, მაგრამ მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს“,- განაცხადა ქაუგილმა.

მისივე თქმით, კერძო სექტორისთვის მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დამატებით ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ნიშნავს.

„მე ვარ მშობელი და ჩემს შვილებს უფრო მეტი ფული სჭირდებათ, მაგრამ მე ის არ მაქვს. დაახლოებით ასეთი კონტექსტი გვაქვს. საქართველოს ბიუჯეტი შეზღუდულია. რა თქმა უნდა, მთავრობას შეუძლია მეტი ფულის სესხება, მაგრამ როდესღაც ის ხომ უკან უნდა დავაბრუნოთ. ჩვენი შვილები, შვილიშვილები, შეიძლება ამით დაზიანდნენ“,- აღნიშნა ქაუგილმა.