მაიკლ ქაუგილი: ბიზნესისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი სასამართლო რეფორმაა
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის მეორე ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართული ბიზნესის ნომერ პირველ გამოწვევად კვლავაც სასამართლო რეფორმა და გაჭიანურებული ბიზნეს-დავები რჩება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოც მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ესტუმრა. სწორედ ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც ყველამ გაიგო. ჩვენ შტატებისთვის კვლავაც სტრატეგიული და ძალიან მნიშნელოვანი მოკავშირე ვართ. გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ სასამართლო სისტემის რეფორმირების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრეთ. ბიზნესისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი სწორედ სასამართლო რეფორმაა. იმედი მაქვს, რომ ადამიანები, დიპლომატები, რომლებიც ქმნიან ამ მიმართულებით გარკვეულ პოლიტიკას, კარგად გაიგებენ, რაც გუშინ მოისმინეს. ჩვენ კი ვნახავთ, რომ ამ საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გაგრძელდება“,- აღნიშნა ქაუგილმა.
მისივე თქმით, პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი მედიაცია და არბიტრაჟია.
„ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრს ვმუშაობდით. დიახ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბიზნესებს შორის არბიტრაჟის არსებობის ვალდებულება არ არის. ვფიქრობთ, რომ კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულება ამის ვალდებულებას უნდა ითვალისწინებდეს“,- განმარტა ქაუგილმა.