ბიზნესი
15/06/2021

“მაგთიკომი“ პარლამენტს ღია წერილით მიმართავს

კომპანია „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ღია წერილით მიმართავს. 

როგორც წერილშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტთან. დარგში მოღვაწე კომპანიები გაუთავებელ სასამართლო დავებში იმყოფებიან კომუნიკაციების კომისიასთან.

„მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს ღია წერილით, რომელშიც ასახულია „მაგთიკომის“ საჯარო განცხადებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე.

კომუნიკაციების კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტთან. დარგში მოღვაწე კომპანიები გაუთავებელ სასამართლო დავებში იმყოფებიან კომუნიკაციების კომისიასთან.  არაკომპეტენტურობა, ტყუილი,დაუმსახურებელი სანქცირება (უკანონო გადაწყვეტილებები) და შერჩევითი სამართალი გახდა ნორმა/ სტილი კომისიის მუშაობისა. მის ხელში დარგი ნადგურდება, მას არ ესმის დარგის მნიშვნელობა, კიბერუსაფრთხოება თუ ეკონომიკის პრინციპები. კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უგულებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა, იქნება ეს თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, საბანკო-საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტურიზმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. 2017-2018 წლებში საქართველოს ბაზრიდან ორი უდიდესი საერთაშორისო ინვესტორი კომპანია („თელია სონერა“ და „მეტრომედია“) გავიდა. ზოგადად, კომისიის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები ხელს უშლის და აფრთხობს ინვესტორს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის არასწორი, არაკომპეტენტური და უკანონო მიდგომების ფონზე, ჩვენი კომპანია იძულებული გახდა მაქსიმალურად ფრთხილად შეხედოს მომავალს, როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, ასევე არსებითი კაპიტალდაბანდების განხორცილების მიმართულებით, იმ დროს, როდესაც „მაგთიკომი“ ყოველდღიურად 40 კმ ოპტიკური კაბელის მშენებლობას წარმატებით ახორციელებდა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაციის და მოქალაქეებისათვის ფიქსირებული ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. კომისიის უსუსური გადაწყვეტილებები გახდა საბაბი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში საქართველოზე, კომუნიკაციების კომისია ნეგატიური კუთხით მოხვდა.

თქვენთვის ცნობილია ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნები კომუნიკაციების კომისიის ავტორობით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში კომუნიკაციების კომისიის ქმედება უარყოფითად არის შეფასებული. კომისიის მხრიდან, ხშირად ხდება ევროპული რეგულაციების არასწორი ინტერპრეტაცია. კანონების და რეგულაციების საკუთარ თავზე მორგება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის დარგს. ასე, მაგალითად: კომისიის თავმჯდომარის რამდენიმე ვადით არჩევა; კონკურენციის კანონის მორგება კომუნიკაციების კომისიაზე იმ ვადით, სანამ ბატონი ბექაური იქნება თავმჯდომარე"-ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

Businesspartner