ბიზნესი
12/05/2023

ლუკა პოლარე: ნაყინის წლევანდელ სეზონს იგივე ფასებით ვხვდებით და არ ვაპირებთ გაძვირებას

კაფე-სანაყინეების ქსელური კომპანია „ლუკა პოლარე“ წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის ფასების ზრდას არ გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის  საზოგადოებათან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანა ციცქიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, გასულ წელს მოულოდნელად გაზრდილი ვალუტის კურსის გამო, ნედლეულის ფასი დაახლოებით 40% გაუძვირდათ, რის შედეგადაც ფასების ზრდა მოუწიათ.

კომპანია ნედლეულის ნაწილს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ყიდულობს, თუმცა პრიორიტეტს ადგილობრივ წარმოებას ანიჭებს. 

"რისი მოძიებაც ადგილზეა შესაძლებელი,ვყიდულობთ, რაც ადგილობრივ ბაზარზე არ არის, იიმის იმპორტს ვახორციელებთ. დიდხანს ვიკავებდით თავს, თუმცა უკვე შეუძლებელი გახდა ფასი არ მოგვემატებინა. ამ ეტაპზე სტანდარტული ნაყინის ბურთულა  4.50 ლარი ღირს,"- -აცხადებს ციცქიშვილი.

როგორც „ლუკა პოლარეს“  საზოგადოებათან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სეზონი ერთ თვეზე მეტია მათთვის უკვე აქტიურად დაიწყო და კომპანია  ზაფხულის სეზონს დიდი მოლოდინებით ხვდება. 

აღსანიშნავია, რომ "ლუკა პოლარე" ზაფხულში, ივნისის ბოლოს აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში ახალი ფილიალს გახსნის, თუმცა,საინვესტიციო ღირებულება და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალები, დაზუსტების ეტაპზეა. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უზბეკეთთანაც.

როგორც ციცქიშვილი ამბობს,  სამომავლოდ ამ ბაზარზე „ლუკა პოლარე „ გაფართოებას აპირებს, როგორც წარმოების მიმართულებით, ასევე ფილიალების დამატების მიმართულებით. 

„15 წელი გვისრულდება და სწორედ ამ 15 წლის თავზე „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო ბრენდი გახდება.“ -აცხადებს ციცქიშვილი. 

შეგახსენებთ, ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს. სულ ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ ახალი ხაზი, გაყინული კრუასანის წარმოება დაამატა.

 

Businesspartner