Luca Polare-ს ნაყინი "გუდვილის" ჰიპერმარკეტებში გაიყიდება
Luca Polare-ს ნაყინი დღეიდან გუდვილის ქსელის ჰიპერმარკეტებში შეგხვდებათ.
კომპანიამ დაფასოებული ნაყინის წარმოება გასულ წელს დაიწყო და მის რეალიზაციას საკუთარ ქსელში ახორციელებდა.
დიდი მოთხოვნის საპასუხოდ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, განავითაროს ბრენდის ინდუსტრიული ხაზი და მიმდინარე წელს ექსკლუზიური თანამშრომლობა გააფორმა "გუდვილის" ქსელთან, რომლის ფარგლებშიც Luca Polare-ს შეფუთული ნაყინები წარმოდგენილი იქნება, ქსელის 4 ჰიპერმარკეტში თბილისსა და ბათუმში.
"ბრენდის განვითარებასთან ერთად, ბაზრის ცვლილებებისა და ჩვენი სტუმრების მოთხოვნის საპასუხოდ, ფართოვდება ჩვენი მიმართულებები და კატეგორიები. გასულ წელს ჩვენს ქსელში პირველი ქართული შეფუთული პრემიუმ ნაყინი წარვადგინეთ, რითაც მთელი გუნდი ძალიან ვამაყობთ.
წლევანდელ სეზონს კი უფრო გაფართოებული არეალით ვხვდებით და ნაყინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ჩვენი შეფუთული ნაყინის ყველაზე მოთხოვნადი ასორტიმენტი ჰიპერმარკეტების ქსელშიც შეიძინოს.
დარწმუნებულები ვართ ახალი მიმართულების წარმატებაში, ხოლო ჩვენს სტუმრებს და გულშემატკივრებს სეზონზე ბევრ სხვა სიახლესაც ვპირდებით",- აცხადებს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.
ამ ეტაპზე ჰიპერმარკეტებში წარმოდგენილი იქნება ნაყინის 5 სახეობა - შოკოლადი, ბურბონის ვანილი, კარამელი ნუშით, ფსტა, სტრაჩატელა, რომელიც პერიოდულად შეიცვლება და გამრავალფეროვნდება.
"ჩვენი შეფუთილი ნაყინი ნამდვილი The Happiness take away-ია და ჰიპერმარკეტებში გამოჩენით ახლა უკვე შევძლებთ, უფრო მეტ ადამიანს გავატანოთ შინ ის ემოცია და სიამოვნება, რაც ჩვენს ნაყინს ახლავს თან", - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.
Luca Polare კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 12 ფილიალით, რუსთავში -1, ბათუმში - 4 , ქობულეთში - 1 და ქუთაისში - 1.