ბიზნესი
03/04/2023

ლოკოკინების საწარმო "ტიმეოს", ₾1300-მდე ხელფასის შეთავაზების მიუხედავად, კადრების მოძებნა უჭირს

ლოკოკინების საწარმო „ტიმეო” 150-ზე მეტ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველებს ეძებს. კადრების შერჩევაში მას დახმარებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო უწევს,  რომელიც, მსურველებს  4 აპრილს, 14:00 საათზე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იწვევს. შეხვედრა თბილისში, მიხეილ ასათიანი 9 ნომერში გაიმართება.

სამუშაო პირობები ასეთია: ანაზღაურება 800-დან 1300 ლარამდე + საბონუსე სისტემა, თანამშრომლების გადამზადება. მუშაობა კვირაში 6 დღე, დღეში 8 საათი. მოქნილი შეთავაზებები სტუდენტებს.

საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში მდებარეობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში „ტიმეოს” პარნიორმა ალექსანდრე მეგრელიშვილმა განაცხადა,  შეთავაზებულ პოზიციებზე არ არის საჭირო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, უცხო ენების ცოდნა ან სხვა რაიმე სახის გამოცდილება. მთავარია შრომისმოყვარეობა და დისციპლინა.

„საწარმო დაახლოებით ერთი წელია არსებობს. მაისიდან ვიწყებთ მეორე სეზონს. გაფართოებასთან და გადაიარაღებასთან დაკავშირებით ვეძებთ ადამიანებს, რომელთა მიმართ არც კვალიფიკაციის და არც განათლების მოთხოვნები არ გვაქვს, მთავარია, მუშაობა სურდეთ და იყვნენ დისციპლინირებულები,“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, კადრების გადამზადებაზე თავად კომპანია იზრუნებს, მთავარია მოძებნონ ადამიანები, რომლებსაც მუშაობა სურთ, რადგან, როგორც ალექსანდრე მეგრელიშვილი ამბობს, ვაკანსიების შესახებ ბევრი უკავშირდება, მაგრამ უკეთეს პირობებს ითხოვენ და ბევრს, უბრალოდ, მუშაობა ეზარება. მისივე განცხადებით, ეს პრობლემა იმდენად დიდია, რომ არაკვაფილიცირებულ კადრებს მაქსიმალურად კარგ პირობებს სთავაზობენ, მათ შორის ტრანსპორტირებას.

„თუ, მაგალითად, თბილისში გარკვეული რაოდენობის ადამიანს ავიყვანთ, მათთვის ერთ სამარშრუტო ტაქსს გამოვყოფთ. ასევე იქნება მცხეთაში, პირობითად ხაშურში და სხვაგან. მთავარია, მუშაობის სურვილის მქონე, დისციპლინირებული ადამიანები მოვძებნოთ,“ - აღნიშნა ალექსანდრე მეგრელიშვილმა.

მისი ინფორმაციით, „ტიმეო” საქართველოში გავრცელებულ ლოკოკინებს მოსახლეობისგან იბარებს. კილოგრამის ფასი 1,3 ლარია. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ამ პროდუქტში რეალურად გადახდილი თანხები დაინახეს, მოტივაცია გაეზარდათ და ჩაბარებაც გააქტიურდა, რაც, უშუალოდ საწარმოში დასაქმების გარდა, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის შემოსავლის კარგი წყაროა.

კომპანია ლოკოკინების ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს.