ბიზნესი
01/06/2021

"ლივო", მაისის ჩავარდნის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე გააქტიურებას ელის

წარმეტებული მარტი-აპრილის შემდეგ მაისში უძრავი ქონების ბაზარზე კლება შეინიშნება. სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თვის ბოლოს მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 15-20%-ით ჩამორჩება.

„ბიზნესპარტნიორთან“ უძრავი ქონების პლატფორმა „ლივოს“ დამფუძნებელი, გიორგი ჩუმაშვილი განმარტავს, რომ კლება, სავარაუდოდ, 4-12 მაისში მოქმედმა უქმე დღეებმა გამოიწვია.

„ახლა ბაზარი ცოტა შენელდა. მას შემდეგ, რაც მარტსა და აპრილში დიდი ზრდა იყო, მაისის თვემ, ალბათ, უქმე დღეების ხარჯზე კლება გვაჩვენა. 2019 წლის მაისთან შედარებით სერიოზული კლებაა. ვფიქრობთ, რომ ივნისიდან ბაზარი ისევ გამოცოცხლდება და მაისის დანაკლისი ანაზღაურდება. ველოდებით, რომ 2019 წლის მაისთან შედარებით 15-20%-იანი კლება იქნება“,- აღნიშნა ჩუმაშვილმა.

2021 წლის პირველი კვარტლის დადებითი ტენდენცია ძირითადად მარტი-აპრილის გაყიდვების ხარჯზე შედგა. როგორც „ლივოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ამ პერიოდის მაჩვენებლებმა 2019 წლის ანალოგიური დროის მონაცემებს გაუსწრო კიდეც.

„2021 წლის პირველი კვარტალი შეიძლება გაიყოს ორად. იანვარ-თებერვალში საკმაოდ დიდი ჩამორჩენა იყო, თუმცა მარტში ძალიან მკვეთრი, დაახლოებით 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის ფონზე გათანაბრდა 2019 წლისა და 2021 წლის პირველი კვარტლები. 2021 წლის პირველი კვარტალი ოდნავ უმჯობესიც კია, თანხობრივადაც და რაოდენობრივადაც. საკმაოდ ძლიერი იყო აპრილიც. რაც შეეხება 2020 წელს, სუბსიდირების პროგრამამ მოახერხა ის, რომ პატარა ბინები სრულად ამოიყიდა. დაახლოებით მთელი ბაზრის 70% ასეთმა ბინებმა შეადგინა. რაიონების თვალსაზრისით, ძირითადად, ეს იყო დიდი დიღომი, გლდანი და ისანი-სამგორი“, - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი.

გაზრდილი გაყიდვების პარალელურად უძრავი ქონება გაძვირებულია. განსაკუთრებით კი ეკონომ სეგმენტის ბინები.

„მაგალითად, ისანი-სამგორში 30-37 კვადრატულ ბინებზე ფასმა დაახლოებით 25%-ით მოიმატა. თუმცა, ამავე კორპუსებში ისეთი ბინები, რომლის ფართიც 50 კვადრატულზე მაღლაა, იქ მომატება მხოლოდ 3-5%-ია. იგივეს ვერ ვიტყვით პრემიუმ სეგმენტზე, სადაც მდორე ტემპით განვითარდა გაყიდვების პროცესი. რამდენიმე უბანში ამ თვალსაზრისით კლებაც არის“, - განმარტავს „ლივოს“ დამფუძნებელი.

გიორგი ჩუმაშვილის თქმით, მკვეთრადაა გაზრდილი ფასები მიწებზეც. „ლივო“ მიწების კიდევ უფრო გაძვირებას ვარადობს.

"მიწებზე სერიოზული ზრდა გვაქვს. ყველა მიმართულებით. იქნება ეს თბილისში კომერციული მიზნებისთვის განპირობებული, თუ კერძო სახლების ასაშენებლად. თბილისის შემოგარენში კი, პრესტიჟულ უბნებში, როგორიცაა წყნეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი თუ სხვა, 2019 წელთან შედარებით, ფასების დაახლოებით 30-40%-იანი ზრდა გვაქვს. $40 და $50 რომ ღირდა კვადრატული მიწის ნაკვეთები, ახლა შეიძლება 100 დოლარადაც ვერ იყიდოთ იგივე ფართი. რაოდენობაც ცოტაა დარჩენილი. ფაქტობრივად, დეფიციტი იქმნება. შესაბამისად, ფასებიც არ დაიწევს. ჩვენი ვარაუდით, გაიზრდება“,- განაცხადა ჩუმაშვილმა.