ლევან ვეფხვაძე: კიდევ ერთი ჩაკეტვა ბევრი კომპანიისთვის საკონტროლო გასროლა იქნება
კვლავ უცნობია, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები. ბიზნესმა პრემიერ-მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ თუ სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ პირველ რიგში გააფრთხილებენ, თუმცა ამ დრომდე კერძო სექტორთან მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია არავის ჰქონია.
საქართველოს ბიზნესასოციაციაში ვარაუდობენ, რომ თუ დაინფიცირებულთა დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს აცდება, ეს ქვეყნის მკაცრად ჩაკეტვის წინაპირობა იქნება.
„კორონა ვირუსზე დატესტილი ადამიანებიდან ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ს უკვე აცდა, რაც ძალიან ცუდია. ვვარაუდობ, რომ თუ ეს მაჩვენებელი კიდევ 1%-ით მოიმატებს, გარკვეული შეზღუდვების შემოღება დაიწყება თუ 5%-ს ავცდით. ეს შეზღუდვები ბიზნესისთვის კიდევ უფრო დრამტული გახდება. ამიტომ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა ვიყოთ მობილიზებული და დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში, ჩვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული.
შეზღუდვები და ჩაკეტვები ძალიან ბევრი კომპანიისთვის, ალბათ, საკონტროლო გასროლა იქნება. ძალიან ბევრს მოუწევს ფუნქციონირების გაჩერება ამიტომ, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ რეალობის წინაშე დავდგეთ. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხვალ შეიძლება რომელიღაც კომპანია გარდაიცვალოს, გეგმა რა უნდა იყოს? ერთადერთი გეგმა ისაა, რომ არ უნდა დადგეს ეს გარდაცვალება, ანუ არ უნდა იყოს „ლოქდაუნი“, ანუ არ უნდა გვქონდეს მესამე ტალღა. ეს ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.