ლევან ვეფხვაძე: ევროკავშირთან ჩემპიონატი არ გვაქვს, თუმცა ყველაზე მკაცრ რეგულაციებს ჩვენ ვიღებთ
კერძო სექტორი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებებისა და რეგულაციების მიღების მეთოდს აკრიტიკებს. ბიზნესის ნაწილი მიჩნევს, რომ საქართველო რეგულაციებს ხშირად იმაზე მკაცრი სახით იღებს, ვიდრე ეს თავად ევროკავშირის ქვეყნებშია.
„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ფაქტი პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლისა და ფულის ჩადების თვალსაზრისით აბრკოლებს.
„ჩვენი გამოცდილება ასეთია, რომ რატომღაც ჩვენთან შესაბამისი პოლიტიკის გადამწყვეტი სამინისტროები იღებენ ყველაზე მკაცრ ნორმებს ევროკავშირიდან. უნდა ვიფიქროთ, რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ ხომ ევროკავშირთან ჩემპიონატი არ გვაქვს გამოცხადებული, ვის უფრო მაგარი რეგულაცია ექნება? ჩვენ იმაზე ვართ ორიენტირებული, როგორ შევქმნათ ბიზნესისთვის თავისუფალი გარემო, რომ ინვესტიციები ჩაიდოს. თუ ჩემპიონატს გავყვებით, მივიღებთ 0 ინვესტიციას. თუ გვსურს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ეს რეგულაციები უნდა შევამსუბუქოთ“,- განაცხადა ვეფხვაძემ.