ლევან ყარალაშვილი: კიდევ ერთ მკაცრ ლოქდაუნს ეკონომიკა და ბიზნესი ვეღარ გადაიტანს
კერძო სექტორი მთავრობისგან ინსტრუქციებს ითხოვს, როგორ მოიქცეს კორონა ვირუსის მესამე ტალღის დადგომის შემთხვევაში. ბიზნესი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, კონსულტაციების დაწყება აუცილებელია.
„იმ ტიპის ლოქდაუნებს, რაც შარშან იყო, ვერც ეკონომიკა და ვერც ბიზნესი ვეღარ გადაიტანს. ქვეყანა ნელ-ნელა ამუშავებას იწყებს. თუ ეს რისკის ქვეშ დადგება და ხელისუფლება ლოქდაუნის გამეორებაზე დაფიქრდება, აუცილებელია, ამაზე წინასწარი კომუნიკაცია იმისთვის, რომ კვლავ გაუგებრობაში არ აღმოვჩნდეთ და ხელახლა, ძლივს დაწყებული აღდგენის პროცესი ისე არ გავაჩეროთ, რომ საერთოდ მოვკლათ კონკრეტული ბიზნეს სექტორები. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ვაქცინაცია და ხალხში თვითშეგნების ამაღლების პროცესი დავაჩქაროთ. არიან ბიზნესმენები, რომელთაც სჭირდებათ ვაქცინის გაკეთება იმიტომ, რომ მოგზაურობის საშუალება ჰქონდეთ. საუბარია მათზე, ვისაც საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს ურთიერთობები. თუ დღეს გვაქვს მონაცემები, რომ ეს რისკი შეიძლება განმეორდეს, ამისთვის პრევენციული ღონისძიებები დროზეა გასატარებელი“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ თბილისი ცენტრალის დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.
ბიზნესმენი სკეპტიციზმით უყურებს პრემიერის მიერ დაანონსებული ეკონომიკის განვითარების 10 წლიანი გეგმის შემუშავებას. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა ეს თანამდებობა დაიკავა კერძო სექტორს ერთხელაც არ შეხვედრია.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია კომუნიკაცია, თუმცა სამწუხაროდ, რაც ბატონი გახარია გადადგა და ახალი პრემიერი დაინიშნა, არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა ბიზნესთან. არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა იმ ხალხთან, რომლთა ზურგზე გადის მთელი ეს ეკონომიკური, სოციალური კრიზისი. არანაირი დამატებითი ღონისძიება, ან შეთავაზება, ან გეგმა არ შემოუთავაზებიათ გარდა იმ დაპირებისა, რომ 10 წლიან გეგმაზე ვიწყებთ მუშაობას. ეს კი ბოდიში, მაგრამ სრული აბსურდია. დღევანდელ მოცემულობაში თუ ვინმეს 10 წლის პროგნოზირება შეუძლია, მაშინ არ მგონია ის საქართველოში იჯდეს“,- აღნიშნა ყარალაშვილმა.