ლევან ქოქიაშვილი: რესტორნები შესაძლოა მარტის ბოლომდეც კი არ გაიხსნას
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო მოლების გარდა ეკონომიკური საქმიანობის სხვა სფეროები მუშაობას ვერ განაახლებენ. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი აცხადებს, შესაძლოა, რესტორნები მარტის ბოლომდეც ვერ გაიხსნას. ეს ფაქტი ქოქიაშვილის შეფასებით, სფეროს ლიკვიდაციის ტოლფასია.
„1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, სხვა არაფერი არ იხსნება, როგორც ჩვენ ვიცით. რესტორნებზე იმასაც კი ამბობენ, რომ შეიძლება მარტის ბოლომდეც კი არ გაიხსნასო. მაინცდამაინც ადამიანები უნდა გამოვიდნენ და თავი დაიწვან ჩვენი სექტორიდან? ძალიან უჭირს ხალხს. მათი გამოსვლა ძალიან ცუდი იქნება. ყველა ძალიან დაღლილი ვართ. თუ მთავრობას თვითონ არ შეუძლია რეგულაციების გაკონტროლება და დაცვა ჩვენ თავად მივხედავთ ჩვენს თავებს იმ რეგულაციების მიხედვით, რასაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს და ჩვენთან შეათანხმებს. ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვაქვს და მათი პასუხი არის ის, რომ მალე დაგიბრუნდებით პასუხითო. ეს არის ყველაზე მკვლელი ამბავი. დღეს და ხვალ გაუგებრობაში ვართ. 10 დღით ადრე არ ვიცით საერთოდ, გავიხსნებით თუ არა, ეს სფეროს ლიკვიდაციისა და სიკვდილის ტოფასია“,- ამბობს ქოქიაშვილი.
მისივე განმარტებით, კერძო სექტორს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს.
„იმ საჭიროებებით, რაც ქვეყანას აქვს, ჯაჭვური რეაქციით უნდა გაიხსნას ბიზნესები. ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში, რომელსაც მეტი რესურსი არ აქვს. ყველამ თავისი ბიზნესისა და სფეროს გადარჩენა უნდა შეძლოს. ამ გახსნით დიდი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ყველა სათითოად იზრუნებს იმაზე, თუ რა გააკეთოს და როგორ შეძლოს თავისი თავის გადარჩენა. ერეკლეს ქუჩა ჰიროსიმასა და ნაგასაკასავით არის დაკეტილი თავიდან ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნას ფრენები, გაიხსნას რესტორნები და სატუმროები, სავაჭრო ცენტრები, სამთო კურორტები“,- ამბობს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი.