ბიზნესი
21/02/2022

ლევან დავითაშვილი საწვავის გაძვირებაზე: ვაკვირდებით პროცესს, განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას

მთავრობის ეკონომიკური გუნდი საწვავის ფასის ზრდის პროცესს აკვირდება და ანალიზს აკეთებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

თუმცა, მინისტრი ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში რა დაზღვევის მექანიზმს შეიმუშავებს მთავრობა. 

"საწვავის ფასის ზრდაზე პროცესს ვაკვირდებით და ანალიზს ვაკეთებთ ეკონომიკურ გუნდში. ყველა ოფცია განხილვადია.  საწვავს როცა ვეხებით, ერთი სასურსათო პროდუქტისგან განსხვავებით, მასშტაბი ბევრად დიდია და სახელმწიფოს მხრიდან ინტერვენციები ძალიან რთულია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, საწვავის ფასის რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობაა. 

"რა თქმა უნდა გვესმის, პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესი ამაზე მოქმედებს, მაგრამ ემატება ის გეოპოლიტიკური სირთულეები, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასის ზრდას განაპირობებს. ჩვენთვის ეს ძალიან აქტუალური საკითხია. საწვავი არის მდგენელი ბევრი პროდუქტის და შესაბამისად, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად, ინფლაციის დარეგულირება-დასტაბილურება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. რთული ამოცანაა ამ ბალანსის მიღწევა, მაგრამ სწორი კომუნიკაციით იგივე ეროვნულ ბანკთან და მთავრობის ჩართულობით, შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს დაგიდასტურებთ, თუმცა განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას, ვაკვირდებით პროცესს და ჩვენ შეიძლება გადაწყვეტილება მივიღოთ მყისიერად, სიტუაციიდან გამომდინარე. ანუ, სიტუაციაზე გვექნება რეაგირება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოსმენისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს. 

Businesspartner