ბიზნესი
19/05/2023

Lemons Group: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას კომპანიები გვერდს ვერ აუვლიან

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის მიღების ინტერესს, უახლოეს ერთ წელში თითქმის ყველა კომპანია გამოხატავს.

როგორც Lemons group-ის გენერალური მენეჯერი ირა მელიმონაძე "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას აცხადებს, დედაქალაქში მიწის ნაკვეთების დეფიციტის გამო, ამ პროგრამას მშენებლები გვერდს ვერ აუვლიან.

"ბაზარზე თითქმის აღარაა ასათვისებელი მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივად,  ყველა თავისუფალ მიწაზე ან დამტკიცებულია პროექტი ან მიმდინარეობს დამტკიცება. ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, კომპანიები გვერდს ვერ აუვლიან, რომ არ მიიღონ ამ პროგრამაში მონაწილეობა. განსაკუთრებით, ის მშენებლები, რომლებიც თბილისში ოპერირებებენ. თუმცა, ავარიული ბინების მესაკუთრეებს მეტი სიცხადე სჭირდებათ, რომ პროგრამამ დაბნეულობა არ გამოიწვიოს.

პირობითად, 40 კვადრატული ბინის მფლობელი რას და როგორ მიიღებს, მოსახლეობის ინფორმირება საკუთარ თავზე პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე მერიამ უნდა აიღოს თავის თავზე. აქაც ინფორმაციის დეფიციტია და იმედია, გაჩნდება რაიმე პლატფორმა, სადაც ყველა ზომის მშენებელს დეტალური ინფორმაციიის მიღება შეეძლება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კომპანიები წინასწარ მოემზადონ, ხარჯთაღრიცხვისთვის, ბიუჯეტირებისთვის, დათვალონ მომგებიანობა."-აღნიშნა ირა მელიმონაძემ.

ისივე თქმით, თუკი მერია საჭირო ინფორმაციას ერთ პლატფორმაზე მოუყრის თავს, ეს მეტ ინტერესს გააჩენს ბაზარზე როგორც სამშენებლო კომპანიების მხრიდან, ასევე მომხმარებლებს ექნებათ ნდობის უფრო მაღალი ხარისხი.

"ამ ეტაპზე Lemons group-ი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ვერ იქნება ჩართული, ჯერ-ჯერობით ასეთი ტიპის განხილვა არ ყოფილა რომ მივიღოთ ან არ მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა, ვფიქრობ სამშენებლო სექტორისთვის საინტერესო პროგრამაა." -აღნიშნა ირა მელიმონაძემ.

ცნობისთვის, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მერიამ 2022 წლის აგვისტოში დაამტკიცა. დედაქალაქის მთავრობამ სამშენებლო სექტირს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა. მერიაში მიაჩნიათ, რომ პროექტში მონაწილეობა დეველოპერებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

Businesspartner