ლექსველი: კომუნიკაციების გარეშე ბინის რეალიზაცია ძალიან გართულდება
სამშენებლო კომპანია “ლექსველის“ დამფუძნებელი არჩილ ხვედელიანი "ბიზნესპარტნიორთან“ მერიის ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ მისი ამოქმედება სექტორის სიკვდილს ნიშნავს.
როგორც ცნობილია, შესაძლოა აიკრძალოს ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგება.
როგორც ხვედელიანი აცხადებს, სამშენებლო სფერო ძირითადად წინასწარ გაყიდვებზეა აწყობილი, ბუნებრივი აირის და დენის მიუწოდებლობა კი ნიშნავს, რომ მშენებელი ბინას ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ვერ ყიდის.
„ეს კი ფაქტობრივად იმ საფუძვლების მორყევას ნიშნავს, რა სტრუქტურაზეც ეს ბიზნესი დგას და მუშაობს. როდესაც კომპანია პროექტს იწყებს და წინასწარ გაყიდვებს ახორციელებს, იქ ინვესტიციის ოდენობა შედარებით ნაკლებია. კომპანია მშენებლობის ღირებულების ნახევარს მაინც აფინანსებს გაყიდვებიდან შემოსული თანხით. ამ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ მშენებელი ვერ გაყიდის ბინას იმიტომ, რომ მყიდველს არ ექნება დენი, გაზი და ის გარკვეულ რისკებსაც დაინახავს, კომუნიკაციების გარეშე ბინის რეალიზაცია ძალიან გართულდება.
გამოდის, რომ მშენებელმა ინვესტიციის ოდენობა უნდა გაზარდოს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ამონაგები, ეს კი საბოლოო ჯამში, ფასსზე იმოქმედებს. დღევანდელ სიტუაციაში კი რა ფასებიც არის, ამით ვერ ხდება რეალიზება და მისი გაზრდა გაყიდვების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს, რაც მთლიანად დარგს სავალალო შედეგებამდე მიიყვანს,“ - აცხადებს ხვედელიანი.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.