LEGO-განათლების კურსების გავლას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებიც შეძლებენ
მომავლის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მაღალანაზღაურებადი პროფესიის შესწავლას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებიც შეძლებენ. პროექტზე სოციალური საწარმო „სტემ სფეისი“ მუშაობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“„სტემ სფეისის“ მენეჯერმა დავით ბარაბაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, ფსიქოლოგებთან კონსულტაციებს გადიან.
„სამომავლოდ გვინდა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე და შშმ ბავშვებთან ვიმუშავოთ და „ლეგო-განათლება ახალგაზრდებისათვის“ მათთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს საკმაოდ საფრთხილო საკითხია, ამიტომ ფსიქოლოგებთან კონსულტაციებს გავდივართ და გვინდა, რომ ეს საკითხი დავძრათ სამომავლოდ“, - აღნიშნა „სტემ სფეისის“ მენეჯერმა.
ცნობისთვის, „სტემ სფეისი“ 2022 წელს დაარსდა. ის დაფინანსდა ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, სტარტაპ სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსის შედეგად.
„ლეგო-განათლება ახალგაზრდებისათვის“ - პროექტის მთავარ მიზანს LEGO-განათლების კურსების შეთავაზებით, ბავშვებისთვის სკოლის ასაკიდან მომავლის უნარების (პროგრამირება, სწორი ალგორითმის შედგენა, ამოცანის გადაჭრის გუნდური ძიება, ტექნოლოგიებთან სიახლოვე და ა.შ.) სწავლება და მათთის შემდგომი განათლების პერსპექტიული მიმართულების, კერძოდ STEM მიმართულებით პროფესიული განათლების სავარაუდო დარგების წინასწარ განსაზღვრა წარმოადგენს.
გარდა ამისა, „სტემ სფეისის“ პროექტის ძირითადი მიზანია LEGO STEM მიმართულების კურსების განხორცილების გზით, ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთ მაღალკვალიფიციურ და ტექნოლოგიურ დარგებში, რომლებიც საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
ამჟამად, „სტემ სფეისი“ 7-დან 13 წლამდე ბავშვებს ასწავლის. „სტემ სფეისის“ კურსები 3 თვიანია, კვირაში 1 გაკვეთილი ტარდება, რომელიც 2 საათი გრძელდება.