ლაშა პაპაშვილი: ვისაც 500 ჰა-მდე მიწა აქვს, დამიკავშირდეს, ფერმა ერთად გავაკეთოთ
კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი თხის და ცხვრის ფერმის პროექტს ამ დრომდე ვერ იწყებს. მიზეზი ფერმისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლის მოძიება/შესყიდვასაც ბიზნესმენი ამ დრომდე ვერ ახერხებს. საუბარია, 300-500 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.
„ძალიან მინდა დავიწყო ეს პროექტი, მაგრამ ბევრი ნიუანსია, მხარდაჭერა უნდა სახელმწმიფოს მხრიდან, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაა საჭირო. მიწას ვერ ვშოულობ, ამის გარეშე პრობლემაა. სახელმწიფომ რომ გამომიყოს, მაშინვე გავაკეთებ. ამ ქვეყანას პრობლემა არ აქვს საძოვრების, პრობლემაა სახნავ-სათესი მიწების, რომ შემდეგ საქონლის გამოკვება შევძლოთ. რადგან აღმოსავლეთში ვარ, იყოს ეს ნაწილი, მოსაწესრიგებელია სარწყავი სისტემები. ქვეყანას, რომელსაც უამრავი წყლის რესურსი აქვს, საირიგაციო სისტემა არ აქვს გამართული.
მიწა, პრაქტიკულად, არც კერძო საკუთრებაში არ არის, ან თუ არის, ღირებულება ფანტასტიკას უკავშირდება. თვითონ არ ამუშავებენ და არც ყიდიან. ასე საქმე ვერ გაკეთდება. თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც აქვს ასეთი მიწა, დამიკავშირდეს და გავაკეთებთ ერთად. მისი იქნება მიწა, დანარჩენი - ჩემი", - ამბობს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, გუდის ყველზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა თხის და ცხვრის ფერმის მშენებლობა 2020 წლის ივლისში დაანონსა.
ბიზნესმენმა გუდის ყველის წარმოება 2019 წელს დაიწყო. კომპანია „ვაკისძირი“ მაღალი კლასის ყველს თუშეთში მცირე პარტიებით აწარმოებს და „რედიქსის“ ქსელში ყიდის. რეალიზაცია ხდება სავაჭრო ქსელ „კარფურშიც“. კილოგრამი ყველის ფასი კი 20 ლარია.