ბიზნესი
29/03/2023

LANOKI-ს ხის სამკაულები ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება

ხელნაკეთი ხის სამკაულების ბრენდი LANOKI, რომელმაც საქმიანობა პატარა შოურუმით დაიწყო უკვე რამდენიმე სახის სამკაულს აერთიანებს.

კომპანია ქართულ ბაზარზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, სარეალიზაციო ბაზრებს აქტიურად ეძებს.

"სამკაულები უცხო და საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რაც მთავარია  ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აქსესუარები არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით. წინა წელთან შედარებით მოთხოვნაც საკმაოდ გაიზარდა. ხესთან ერთად უკვე ვიყენებთ ვერცხლის დეტალებს, რაც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს," -აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი ლანო შარაშენიძე.

დიზაინი იხატება ფურცელზე, შემდეგ სპეციალური დანადგარით სასურველ ფორმაზე იჭრება. აღსანიშნავია, რომ თითოეული დეტალი არის ხელით შექმნილი და დამუშავებული. ზოგი რჩება ბუნებრივ ფერზე, ზოგიერთზე გამოყენებულია 100% ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული საღებავი. ნედლეული არის ქართული კაკლის ხე.  

"ეს მხოლოდ დასაწყისია, მალე აუცილებლად ბევრ ქვეყანას მოვიცავთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ამერიკელ ბაიერებთან, კერძოდ, ჩვენი სამკაულები ნიუ-იორკში ერთ-ერთ მაღაზიაში სხვა ხელნაკეთ ნივთებთან ერთად განთავსდება. სამომავლოდ, ბევრი საინტერესო და განსხვავებული სამკაული ელოდება მომხმარებელს.

იქნება ახალი მიმართულებები, ნამუშევრებში უკვე შემოვიტანეთ თუმცა ძირითადი აქცენტი გვექნება ხეზე,"– ამბობს ლანო შარაშენიძე.