"ლამოს" ხელნაკეთი ჩანთები - ბიზნესად ქცეული ჰობი
“ხელნაკეთი ნივთები, რომელიც ავტორის სულიერ ემოციას გამოხატავს“ - "ლამომ" საკუთარი ჰობი ბიზნესად აქცია და როგორც ქართველ მომხმარებლებს, ისე უცხოელ ტურისტებს ხელნაკეთ ჩანთებს, ასევე საფულეებს სთავაზობს.
"ლამოს" დამფუძნებელი ლაშა დიაკონიძე “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ მუშაობენ ნატურალურ ტყავსა და ხეზე. საფულეები ტყავით მზადდება, ჩანთები ტყავით და ხით. ორივე აქსესუარზე გამოყენებულია ნახატი, როგორც მათი ფანტაზიით, ისე მომხმარებლების სურვილის მიხედვით. ძირითადად ონლაინ გაყიდვებით სარგებლობენ, თუმცა აქტიურად მონაწილეობენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე, აქსესუარებს ნახავთ აეროპორტშიც.
“ხელნაკეთი ნივთების მიმართ ადრეული ასაკიდან განსაკუთრებული მიდგომა მქონდა, თუმცა თავად შექმნის იდეა ორი წლის წინ გამიჩნდა. გარკვეულწილად როგორც ჰობს ისე მივუდექი, თუმცა დღეს “ლამოს“ პროდუქცია ჩემი ყოველდღიური ფიქრის და შრომის ნაყოფია. ვცდილობ, მასში მაქსიმალურად ავსახო ყველა ის ემოცია, რაც შექმნის პირველი წამებიდან დამეუფლა, სწორედ ამიტომ ვცდილობ ბოლომდე ყველა დეტალი საკუთარი ხელით გავაკეთო და მაქსიმალურად მოვარიდო თანამედროვე ტექნიკასა და დანადგარებს.
ნახატები, რომლებიც “ლამოს“ ჩანთებზეა ასახული ჩემი მეუღლის შემოქმედებაა და ზოგადად ვფიქრობ, ჩვენს პროდუქციას სიყვარული ეტყობა.
დღესდღეობით სამწუხაროდ ძნელია მსგავსი შრომის შესაბამისი ანაზღაურება მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა არ შემიწყვეტია მუშაობა და ვაპირებ, კვლავ ენერგიულად გავაგრძელო ამ საქმის კეთება.
ვცდილობ ფასები მაქსიმალურად მოვარგო დღრვანდელ სოციალურ ფონს და თითიეული ნამუშევარი მინიმალური მოგებით იყიდება“, - ამბობს ლაშა დიაკონიძე.