ბიზნესი
01/12/2020

ლალი მოროშკინას Sighnaghi Art Hotel-ი თვეში 20 000 ლარის შემოსავალს კარგავს

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია. ერთ დროს, განსაკუთრებით უცხოელ ტურისტებში პოპულარული სასტუმრო Sighnaghi Art Hotel-ი, დღეს დაკეტილია, Villa Provance-ს კი არასდროს უმუშავია, რადგან  პანდემიის გამო გასული წლის აპრილში მისი გახსნა ვეღარ მოხერხდა.

ლალი მოროშკინას განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და ამის შედეგად ამოქმედებული შეზღუდვების გამო  Horeca სექტორი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მისი განცხადებით, Sighnaghi Art Hotel-ი ამჟამად დაკეტილია, რადგან მუშაობის შემთხვევაში ხარჯი შემოსავალს ვერ დააკომპენსირებდა. 

როგორც მოროშკინა აცხადებს, Sighnaghi Art Hotel-ი თვეში  20 000 ლარის შემოსავალს კარგავს. მისი ინფორმაციით,კომპანიას აქვს ბანკის სესხიც, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. 

„იმ პირობებში, როდესაც არ მუშაობს კაფე-რესტორნები, დაკეტილია მუზეუმი, მკვდარ ქალაქში ვინ ჩამოვა, ეს წარმოუდგენელია. როდესაც სასტუმროს ნახევარიც კი დატვირთული არ არის, ის მინუსზე მუშაობს, ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩართულია ბანკის წამზომი. ჩემთვის ეს არის 120 000 ევროს სესხი.100 სასტუმრო, რომელიც სიღნაღში გაიხსნა, ასივე ბანკშია ჩადებული, ისევე როგორც  ჩემი სასტუმრო. უმძიმესი ვითარებაა, არავინ  მოიტყუოს რომ შიდა ტურიზმმა იმუშავა, არანაირი შიდა ტურიზმი არც იყო და არც იქნება სანამ საზღვრები არ გაიხსნება და უაზრო ლოქდაუნი არ დამთავრდება“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები გამკაცრდა. დაიხურა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და ა.შ. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.