ქვეყანაში საწვავის კიდევ 10 თეთრით გაიაფებას ელიან
საქართველოში საწვავი, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაიაფდეს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, ჩვენი ქვეყნის სანავთობო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ქვეყანას გააჩნია საწვავის მარაგები, შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.
„გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ფასები მოდის ქვემოთ. საცალო ქსელებში კიდევ ველოდებით, რომ 10 თეთრამდე გაიაფდება საწვავი. რაც შეეხება ბაზრის საერთო მდგომარეობას - ჩვენი კომპანიების სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს საკმაო მარაგები, არსად არ იქმნება დეფიციტი, ხელისშემშლელი ფაქტორები - ამიტომ, სიურპრიზებს არ ველოდებით. სანავთობო ბაზარს, ჯერჯერობით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
ამავე თემაზე „ბიზნესპარტნიორი“კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძესაც ესაუბრა, რომელიც საწვავის ბაზარზე ფასების შემცირებას ასევე ელის. მისი თქმით, აგვისტოს თვეში, საქართველოში 40-50 თეთრიანი კლება დაფიქსირდა ყველა ტიპის საწვავზე, სექტემბერში კი 10 -40 თეთრიანი კლება.
შეგახსენებთ, ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა და საწვავის ფასებმა დაკორექტირება დაიწყო. ფასების შემცირებას სპეციალისტები ლარის დასტაბილურების ფონზე ოქტომბერშიც ელიან, თუმცა საწვავის ღირებულების შემცირება, შესაძლოა, გლობალურმა პროცესებმა შეაფერხოს. კონკურენციის სააგენტო, რომელიც ამ დროისთვის საწვავის ბაზარზე მოკვლევას აწარმოებს, სექტორში კონკურენციის გაუმჯობესებას ელის. მოკვლევის მიზანია გაარკვიოს, 2022 წელს მიმდინარე პროცესები რამდენად იყო თანხვედრაში კონკურენციის კანონდებლობასთან. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიების მიმართ სანქციებიც დაწესდეს.