ბიზნესი
28/04/2021

"კულას" დამფუძნებელი: ფასიანი ქაღალდების გამოშვება შპს-სთვის კარგი გამოსავალია

საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შპს-ებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესაძლებლობა დადებითი ეფექტის მომტანი იქნება. მათ შორის, კიდევ უფრო გაიზრდება კონკრეტული კომპანიის მიმართ ნდობა.

„საკმაოდ კარგი ინიციატივაა, ამჟამად ფინანსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა არ არის, თუმცა ბანკიდან მიღებული სესხები მაღალპროცენტიანია. თან ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ლიმიტის გამო, ბანკები სესხებს აღარ გასცემენ, ასეთ შემთხვევაში კარგი გამოსავალია ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც შპს გაასხვისებს და იმ სახსრებით მოგებას ნახავს როგორც თვითონ, ისე ფასიანი ქაღალდების მყიდველი ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი,“ - აცხადებს გოგლიძე.

შეგახსენებთ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც შპს-ებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდები  გამოუშვან. ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.