"კორპორაცია ქინძმარაული" ყვარელში სუვენირებისა და საიუველირო მაღაზიას ხსნის
სს „კორპორაცია ქინძმარაული“ ყვარელში რამდენიმე კვირაში სუვენირებისა და საიუველირო მაღაზიას გახსნის. კომპანიის გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ ეს იქნება „კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია და ოპერირებას „ოქროს სახლის“ სახელით დაიწყებს.
მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სექტორი პანდემიის გამო რთულ სიტუაციაშია, ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა იზრდება და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული. გარდა ამისა, ყვარელში არ არის საიუველირო მაღაზია და ამის საჭიროება ისედაც იყო.
„მაღაზიაში გაიყიდება ძვირფასი მეტალის სუვენირები და ქართული ნაკეთობები. გვაქვს საუბარი რამდენიმე დიზაინერთან და განვიხილავთ, რომ მაღაზიაში გაიყიდოს როგორც მათი არსებული, ისე სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი ექსკლუზიური კოლექციები,“ - აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 000 ლარია.
სს „კორპორაცია ქინძმარაული“ კახეთში სასტუმრო ტურიზმშიცაა წარმოდგენილი. კომპანია უკვე ფლობს ყვარელში კომპლექსს „შატო ყვარელს“. სიღნაღში ასევე აშენებს სასტუმროს. კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში 180 ჰექტარი ვენახი და ამავე ტერიტორიაზე ღვინის მწარმოებელი კომპანია.