კორპორაცია ქინძმარაული: ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გაიაფდა
კომპანია „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი ძვრები შეინიშნება, განსაკუთრებით დადებითი ტენდენციაა ექსპორტზე.
მისი ინფორმაციით, დაინტერესებაა სკანდინავიის ქვეყნებიდან და ინგლისიდან. „არის საუბარი რამდენიმე ახალ ბაზარზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ზე. ამ ეტაპზე გაყიდვებში ზრდის დინამიკაა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტში დაახლოებით 7%-იანი ზრდა გვაქვს,“ - აცხადებს ქსოვრელი.
მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის მწარმოებლებმა პროდუქცია სავარაუდოდ გააიაფეს. ოფიციალური,3 თვის მონაცემებით, 5%-ით იყო გაზრდილი საქართველოდან ექსპორტი, თუმცა, ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით იყო შემცირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე გაიაფდა.
„ჩვენს კომპანიას ღვინოზე ფასი არ შეუმცირებია, ჩვენი ფასები საშუალოზე მაღალია, რადგან გაყიდვებში ძვირიანი ღვინოების გაყიდვების წილი ზრდადია,“ - აცხადებს ქსოვრელი.
შედარებით განსხვავებული სტატისტიკაა 2021 წლის 4 თვეში. ღვინის ექსპორტი 15%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია.
სს „კორპორაცია ქინძმარუაული“ კახეთში სასტუმრო ტურიზმშიცაა წარმოდგენილი. კომპანია უკვე ფლობს ყვარელში კომპლექსს „შატო ყვარელს“. სიღნაღში ასევე აშენებს სასტუმროს. კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში 180 ჰექტარი ვენახი და ამავე ტერიტორიაზე ღვინის მწარმოებელი კომპანია.