ბიზნესი
14/09/2023
კონკურენციის სააგენტომ ქართულ ენაზე ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დარღვევის ფაქტი დაადგინა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, ორი მოვაჭრის - შპს „ქიზილ 2023“-ისა და შპს „გრილ ფუდ“-ის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.
სააგენტოს მიერ წარმოებული საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის და შპს „გრილ ფუდ“-ის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია.
კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არ არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის განმავლობაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამონ. სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.
საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდ“-ს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.