
ბიზნესი
18/08/2023
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა დაასრულა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს "ლუკოილ-ჯორჯიას“, სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს "რომპეტროლ საქართველოს“ მიერ "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.

