ბიზნესი
09/10/2023

"კომპანიების 60-70% ვაკანსიებში ანაზღაურებას უკვე უთითებს, რაც ადრე არ ხდებოდა"

ქვეყანაში კადრების დეფიციტის გამო, დამსაქმებლებს შორის კონკურენცია სულ უფრო მზარდია. ბიზნესსექტორი ცდილობს, სასურველი კანდიდატები გაზრდილი ანაზღაურებით მოიზიდოს. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი კომპანია უთითებს განთავსებულ ვაკანსიებში ანაზღაურებას, რაც ადრე არც თუ ისე ხშირად ხდებოდა. წლიური ზრდის ტრენდს ინარჩუნებს დასაქმების პორტალებზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობაც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პლატფორმა SS.ge-ს დასაქმების კატეგორიის განვითარების მენეჯერმა ანა ჩაჩანიძემ  განუცხადა,  პანდემიის დროს, კვალიფიციური კადრების თითქმის ორწლიანი გადინების შემდგომ, დღეს მათი შევსების პროცესი კომპანიებში ზოგ შემთხვევაში წარმატებულად, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნაკლებად წარმატებულად მიმდინარეობს.

„კადრების დეფიციტის გამო, დამსაქმებლებს შორის გაზრდილია კონკურენცია, რის გამოც მათ უწევთ ხელფასების გაზრდა და ამ გზით ცდილობენ, კანდიდატები მოიზიდონ. დამსაქმებლებს სასურველი კანდიდატების მოძიება განსაკუთრებით დაბალ და საშუალო ხელფასიან პოზიციებზე უჭირთ, რადგან პოტენციური დასაქმებულების სურვილი, დამსაქმებლის სურვილს არ ემთხვევა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამ მიზეზების გამო, სხვადასხვა სექტორში, ბოლო 1 წელში, საშუალო ხელფასები დაახლოებით 15-20%-ითაა გაზრდილი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ შეიცვალა კომპანიების ქცევა, მათ დიდ ნაწილს, კერძოდ, 60-70% პროცენტს ანაზღაურება უკვე მითითებული აქვს ვაკანსიებში, რაც ადრე არ ხდებოდა“, - აღნიშნა ანა ჩაჩანიძემ.

დასაქმების საიტებზე კადრებს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კომპანიები ეძებენ. ვაჭრობა, მომსახურების სფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მშენებლობა - ეს იმ სექტორების არა სრული ჩამონათვალია, სადაც ვაკანსიები ყველაზე ხშირად ქვეყნდება.

„ვაკანსიების ნაწილში ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გამოიკვეთა. ბოლო 8 თვეში, საგრძნობლად არის გაზრდილი საწარმოში დასაქმების შეთავაზების შემცველი განცხადებების რიცხვი. შეიძლება ვთქვათ, რომ 60%-ითაც კი არის გაზრდილი საწარმო სფეროში ვაკანსიების რაოდენობა. ასევე მზარდია იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებსაც საწარმოში დასაქმების სურვილი აქვთ. “, - განმარტა SS.ge-ს დასაქმების კატეგორიის განვითარების მენეჯერმა.

როგორც ანა ჩაჩანიძე აცხადებს, მიმდინარე წლის ზაფხულში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით,  მათ ვებ-გვერდზე ვაკანსიების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა და 12-13 ათასი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 289 ლარით, ანუ თითქმის 18%-ით გაიზარდა და 1 914 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში ფიქსირდება.

 

Businesspartner