კომპანია KARTVELI აშშ-ში ხაჭაპურის წარმოებას იწყებს
კომპანია KARTVELI ამერიკაში ქართული ტრადიციული კერძების წარმოებას იწყებს. KARTVELI ნიუ ჯერსის შტატში, ქალაქ მონროში ქართული ტრადიციული კერძების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ამერიკაში სასწავლებლად და სამუშაოდ წასულმა ახალგაზრდამ, ერეკლე ხაზიურმა მეგობრებთან ცნობილ შეფ-მზარეულთან მალხაზ მაისაშვილთან და თემურ ცხადაძესთან ერთად დააფუძნა.
როგორც KARTVELI-ს კომერციული დირექტორი ერეკლე ხაზიური „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია USDA-ს და FDA-ს სტატუსის (ამერიკის აგროკულტურული დეპარტამენტის ჰოლოგრამა, ამ ნიშანდებით ამერიკელი მომხმარებლისთვის სანდოობა მაღალია, კომპანიებსა და მაღაზიებს კი ამ სტატუსის მქონე პროდუქცია ქსელში უპრობლემოდ შეაქვთ) მქონე პირველი ქართული საწარმოა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დაფუძნდა.
ხაზიურის ინფორმაციით, ეს იყო პერიოდი, როდესაც ამერიკა და მთელი მსოფლიო ცდილობდა კორონავირუსის დამარცხებას, რა თქმა უნდა, ამ დროს რისკი ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად და განსაკუთრებით ისეთი ბიზნესიი, რომელსაც USDA-ს და FDA-ს ლიცენზია სჭირდება, 10-ჯერ რთული იყო.
„იდეაზე ბევრი გვქონდა ნაფიქრი და კვლევებმაც აჩვენა, რომ ასეთი მიმართულება ეთნიკური ხაზით და პროფესიონალური გუნდით შესაძლებელი იქნებოდა. ჩვენ ვართ სამი ბიზნეს პარტნიორი: თემურ ცხადაძე, აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საკონდიტრო და ზოგადად წარმოების სფეროში, მალხაზ მაისაშვილი საქართველოში და ამერიკაში ცნობილი შეფ-მზარეული და საჭმლის მომზადების ტექნოლოგი, რომელიც არის KARTVELI-ს ბრენდ-შეფი, სწორედ ის ქმნის პროდუქციას, კონტროლირდება პროდუქციის გემო და ხარისხი,“ - აცხადებს ხაზიური.
მისი განცხადებით, კომპანია ამ დროისთვის ნახევარფაბრიკატებს, მათ შორის, ყველასთვის საყვარელი ხინკლის ოთხ სახეობას აწარმოებს (ოთხი-ყველის, კარტოფილის, საქონლის და ღორის ხორცის ხინკალი) და გაყინულ მდგომარეობაში ყიდის.
“დაახლოებით 1-2 თვეში ნელ-ნელა დავამატებთ ხაჭაპურის სამ სახეობას და სხვა მიმართულებებს ქართული კულინარიიდან, ძირითადად ისეთი, რომელიც შეიძლება გაიყინოს და გემოვნური თვისებების შენარჩუნებით მოეწოდოს მომხმარებელს,” - აცხადებს ხაზიური.
როგორც KARTVELI-ს კომერციული დირექტორი განმარტავს, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია როგორც ქართველ ასევე ამერიკელ და სხვა ეთნიკურ მომხმარებელზე.
„გამოხმაურება დიდია და ჩვენი კომპანიის და მთლიანად ქართული დიასპორის სასიხარულოდ ვამბობთ, რომ გემოვნური თვისებები შენარჩუნებულია და მორგებულია ამერიკელი მომხმარებლის გემოვნურ რეცეპტორებზეც,” - აცხადებს ხაზიური.
მისი განცხადებით, KARTVELI-ს საწარმოში დღეის მდგომარეობით სატესტო რეჟიმში დაკავებულია 11 ადამიანი, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ყოველ კვირეულად იზრდება.
ხაზიურის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ დოლარია, საიდანაც 1 მლნ დოლარი უკვე ინვესტირებულია.
ერეკლე ხაზიური „ბიზნესპარტნიორთან“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იგეგმება ბრენდის განვითარება.
„ბრენდი და კომპანიის საქმიანობა დაპატენტებულია, აქტიურად ვმუშაობთ ცნობადობის გაზრდასა და ამერიკელი მომხმარებლის გულის მოგებაზე, იგეგმება, როგორც საფირმო ობიექტების გახსნა, ასევე სხვა ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. მეორე საწარმო სავარაუდოდ, დასავლეთ ამერიკაში ამოქმედდა", - განმარტა ხაზიურმა.