ბიზნესი
11/09/2023

კომპანია Gepherrini ინვესტორს ეძებს

ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini ინვესტორს ეძებს. კომპანია სამომავლო გაფართოებისა და წარმადობის ზრდისთვის მოლაპარაკებებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორთან აწარმოებს.

როგორც Gepherrini-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, უახლოეს პერიოდში კომპანიამ საწარმოო პროცესი მინიმუმ ხუთჯერ უნდა გაზარდოს.

“იმისთვის რომ როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრები დავაკმაყოფილოთ, წარმადობა დაახლოებით 5-ჯერ უნდა გავზარდოთ, შემდეგ წელს არც ეს მაჩვენებელი აღარ იქნება საკმარისი. ახლა ჩვენი საწარმო 700 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, ჩვენი სასურველი ფართია 2000 კვადრატული მეტრი.“-აღნიშნა ილია გეფერიძემ.

მისივე განმარტებით, კომპანია წარმოების გადატანას გეგმავდა, თუმცა მოძიებული სივრცე მისაღები არ აღმოჩნდა.

„ცოტა გაჭიანურდა ეს პროცესი. ჯერ ისევ ვერ გადავედით ახალ საწარმოში, წელს ვერ მოესწრება ეს პროცესი და იმედია, შემდეგ წელს შევძლებთ. შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ საქართველოში სამშენებლო სექტორის გარდა, სხვა სექტორში ძალიან რთულია ინვესტორის მოძიება. მითუმეტეს, ჩვენი ბიზნესიც არაა მარტივი, მოდის სფეროს ეკუთვნის. ამ ეტაპზე გვაკვირდება რამდენიმე პოტენციური ინვესტორი, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, უახლოეს პერიოდში კი იმედია, Gepherrini-ს ახალი ინვესტორი ეყოლება. დიდი ხანია ამაზე ვმუშაობთ.“-აღნიშნა ილია გეფერიძემ.

ცნობისთვის, Gepherrini  2014 წელს დაარსდა და პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მასიურად დაიწყო ჩანთების წარმოება საქართველოში. ჩანთებს ეტაპობრივად დაემატა ფეხსაცმელები, საფულეები, ტყავისა და ვერცხლის აქსესუარები.