ბიზნესი
19/06/2023

ქობულეთში, რეგიონში პირველი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "რენესანსი" აშენდება

ქობულეთში, დავით აღმაშენებლის 291 ნომერში კომპანია „ალიანსი“ მრავალფუნქციური კომპლექსის აგებას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით,  “ალიანს რენესანსი” რეგიონში პირველი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტია, რომელიც აჭარის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე  დაამტკიცა.

საპროექტო ფართი 26 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტის თანახმად, ნაკვეთი განლაგებულია სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე დავით აღმაშენებლის გამზირისა და თამარ მეფის სანაპიროს შორის, ყოფილი სასტუმრო „ჰორიზონტის“ ტერიტორიაზე.

პროექტის თანახმად, ობიექტში მოეწყობა სასტუმრო არანაკლებ 200 ნომრისა, სპა ცენტრი, ბავშვთა გასართობი სივრცე, ღია სპორტული მოედანი, კვების ობიექტები და ა.შ. რაც დადებითად იმოქმედებს ქობულეთის მოსახლეობის დასაქმებაზე. საინვესტიციო თანხად განსაზღვრულია 25 000 000 ლარი.

"ალიანს ჯგუფის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B, C თაუერებს და აერთიანებს 3 ძირითად ფუნქციურ მიმართულებას, როგორიცაა: სპორტული, გამაჯანსაღებელი და საინვესტიციო. 

გარდა ამისა, კომპლექსის ნაწილია 14 სართულიანი საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი.

პროექტს თან ახლავს ვიზუალური მასალაც, რომლის თანახმადაც, საპროექტო ტერიტორიაზე 3 მაღალსართულიანი შენობა განთავსდება. აღნიშნული ნაკვეთის პრივატიზება 2018 წელს განხორციელდა.