ბიზნესი
23/02/2022

ქინძმარაულის მარანი: ომის შემთხვევაში უკრაინაში ექსპორტი შემცირდება, რუსეთს დავკარგავთ

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის კონფლიქი ქართული ღვინის ექსპორტზე, ამასთან დაკავშირებით ქინძმარაულის მარანის გენერალური დირექტორი ირაკლი ტალახაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ პროგნოზირება რთულია, თუმცა, ომის განვითარების შემთხვევაში, უკრაინაში ექსპორტის მოცულობა შემცირდება, რუსეთის ბაზრის დახურვა კი, ისედაც მოსალოდნელია.

„რუსეთის მხრიდან, ქართული ღვინისთვის და სხვა პროდუქციისთვის ბაზრის მოულოდნელად დაკეტვის რისკი ისევ არსებობს. უკრაინა და რუსეთი - ორივე ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. ომი თუ იქნება, სავარაუდოდ ერთ-ერთის დაკარგვა მოგვიწევს, უფრო რუსეთის. რაც შეეხება უკრაინას, რა თქმა უნდა ექსპორტის შემცირება მოსალოდნელია. თუ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იქნება, რა თქმა უნდა, იგივე მასშტაბები აღარ იქნება. ახლა პროგნოზირება რთულია, რა თქმა უნდა ყველას ომის თავიდან არიდება გვსურს“, - აღნიშნა ირაკლი ტალახაძემ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, ირაკლი ტალახაძის თქმით, ახალი ბაზრის გახსნა მუდმივი პროცესია.

„ახალი ბაზრები რა თქმა უნდა იხსნება, მაგრამ ალბათ არარეალისტურია, რომ რუსეთის ბაზრის კომპენსირება მოახდინონ. ეს მოკლე ხანში არ მოხდება, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა. დროში გაწელილი იქნება. უნდა მოხდეს დივერსიფიკაცია, ეს ღვინის ყველა მწარმოებელს აქამდეც ესმოდა და ყველა ამ გზას მიმართავს, ახალ ბაზრებს ყველა ეძებს. ახალი ბაზრის გახსნა მუდმივი პროცესია“, - აცხადებს ირაკლი ტალახაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. 2021 წელს საქართველოდან რუსეთში 62 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე, უკრაინაში კი 13 მლნ-მდე. სულ საექსპორტო ბაზრებზე გასულ წელს 107 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა.

Businesspartner