ხორცის ყიდვა უფრო რიტუალურია, ის არ ჰგავს უბრალოდ საკვების ყიდვას – ბლაუენშტაინ საქართველო
ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი, თათია არაბიძე პანდემიის პერიოდში არსებულ ტენდენციებსა და მომხმარებლის ქცევაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია მიწოდების სერვისის საშუალებითაც ახდენს პროდუქციის გაყიდვას, თუმცა პანდემია დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
“Wolt-ით ხალხი ყიდულობს იმიტომ, რომ ჩაკეტილია ყველაფერი თუ უბრალოდ, ასე ურჩევნიათ, - ამას გვიჩვენებს სტატისტიკა და დრო. ხორცი ისეთი პროდუქტია, რომ მაინც რჩება ხალხში ის ტრადიცია, რომ მივიდნენ ადგილზე, აარჩიონ და ისე იყიდონ. რიტუალურია უფრო ხორცის ყიდვა და ის არ ჰგავს უბრალოდ საკვების ყიდვას. როცა გავიხსნებით, ვნახოთ დარჩება თუ არა ის აქტიურობა ონლაინ გაყიდვებზე, რაც ახლა თვალშისაცემად მაღალია,“ - აცხადებს არაბიძე.
კომპანია თბილისში ქსელის გაფართოებას არ გეგმავს და ამ ეტაპზე ფალიაშვილზე და წერეთლის ქუჩებზეა წარმოდგენილი. არაბიძე აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ონლაინ გაყიდვებია გააქტიურებული, საფირმო მაღაზიის დამატების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ 2009 წელს ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში, სოფელ შარდომეთში 18 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.