ხის აქსესუარები მინანქრით - Giorgi Gvilava Wood Accessories-ი სახელოსნო-მაღაზიის გახსნას გეგმავს
აქსესუარების ბრენდი Giorgi Gvilava Wood Accessories პანდემიის მიუხედავად აქტიურად ვითარდება და გაყიდვების არეალის გაფართოებასაც გეგმავს.
ქართული ბრენდი მომხმარებლებს ხის სამკაულებსა და აქსესუარებს სთავაზობს, რომელთა უმრავლესობაც გაფორმებულია მინანქარით. ბრენდის დამფუძნებლის თქმით, პანდემიის დროს აქსესუარებზე მოთხოვნა გაიზარდა და კომპანია ისეთი აქტიური არასდროს ყოფილა, როგორც წელს.
“ვფიქრობ, პანდემიამ თავიდან დაგვაბნია, თუმცა შემდგომში მოვნახეთ გზები, რამაც მიგვიყვანა სწორედ აქტიურ ონლაინ გაყიდვებამდე. ასევე უფრო გავაქტიურდით საერთაშორისო გაყიდვების თვალსაზრისითაც. ამ ეტაპზე მხოლოდ Etsy-ზე გვაქვს ონლაინ მაღაზია. ვაპირებთ სხვა ონლაინ პლატფორმებზე განვათავსოთ პროდუქცია. Etsy-ზე საკმაოდ კარგი სტარტი გვაქვს, Ebay–ზე ახლახანს დავარეგისტრირეთ კომპანია და პროდუქციასაც მალე ჩავუშვებთ. ახლო მომავალში კი ჩვენი ბრენდი Amazon-ზეც გამოჩნდება,“ – აღნიშნავს გიორგი გვილავა.
Giorgi Gvilava Wood Accessories–ის ნაკეთობების შეძენა მომხმარებლებს ონლაინ შეუძლიათ. ამასთან, ბრენდი მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე მაღაზიასთან, სადაც სამომავლოდ დაინტერესებულ ადამიანებს პროდუქციის ადგილზე ნახვის და შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
ხელნაკეთი ხის მომინანქრებული ნამუშევრები, ადგილობრივი ნედლეულით იქმნება და ქალბატონების ყველა აქსესუარს მოიცავს და არამხოლოდ ქალბატონების. მაგალითად როგორიცაა ხელჩანთა, სათვალე, ყელსაბამი, სამაჯური, საყურე, ბეჭედი, თმის სამაგრი, ბაფთა. ასევე, ზარდახშები, ხის სადგამი საათები, ღვინის ბოთლის ჩასადებები. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნივთს ასევე ხელით დამუშავებული ჩასადები და განსაკუთებული შეფუთვა მოყვება.
„ამ ეტაპზე პატარა სახელოსნო მაქვს, სამომავლოდ კი მსურს ტურისტულად დატვირთულ ადგილას გავხსნა სახელოსნო-მაღაზია, სადაც ადგილობრივ მომხმარებელსა თუ ტურისტს საშუალება ექნება არა მარტო შეიძინოს ნამუშევრები, არამედ დააკვირდეს შექმნის პროცესს. მინდა კიდევ უფრო გავზარდო წარმოება და მაქსიმალურად გავიიოლო მუშაობა, თუმცა ამ ყველაფერს საკუთარი ფინანსებით ვერ შევძლებ და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას თანადაფინანსების პროგრამებში,“ – აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.
Giorgi Gvilava Wood Accessories საქართველოს ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას კერძო ინვესტიციასთან ერთად, მოპოვებული აქვს 9000 ლარის დაფინანსება, რითაც საწყის ეტაპზე მოხდა დაზგა–დანადგარების შეძენა.