ხელოსნების პლატფორმების კომპანიების ნაწილს კორპორატიული დაკვეთები ეზრდება
ხელოსნების პლატფორმების კომპანიების ნაწილს კორპორატიული დაკვეთები ეზრდება.
მულტიპროფილურ პლატფორმებზე, რომლებიც სხვადასხვა პროფილის, კონკრეტულ სტანდარტებში მოქცეულ, პროფესიონალ ხელოსნებს აერთიანებენ,მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება.
მომხმარებლის მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ, ბაზარზე ათასზე მეტი მიკრო სერვისის და დასუფთავების შეთავაზებებიც გააჩინა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Mr. Master-სა და Profy-ში განუცხადეს, რეიტინგებისა და დაცული გადახდის სისტემებმა ისეთი პრობლემები მოაგვარეს, რომლებიც პროფესიონალი ხელოსნების მოძიების სირთულეს, ფასების რეგულირებასა თუ თაღლითობის სიხშირეს უკავშირდებოდა, შესაბამისად, დაკვეთებისა და მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე მზარდია.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დაგვემთხვა, ზრდის ტემპი არ შეჩერებულა. დღეს უკვე 100 000 მომხმარებელს გადავცდით. როგორც შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა, თვიდან - თვემდე, საშუალოდ, 10%-ით იზრდება,“ - აცხადებს Profy- ს აღმასრულებელი დირექტორი, სოსო ჩხიკვაძე.
ერთიანი პლატფორმა განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა ქსელური კომპანიებისთვის. მზარდია კორპორატიული დაკვეთებიც.
„კორპორატიული მიმართულება, მოთხოვნის საფუძველზე, ნელ-ნელა განვითარდა. ჩვენ შევქმენით ისეთი სერვისები, როგორებიცაა მაგ. ინდუსტრიული დანადგარების შეკეთების სერვისი; ვემსახურებით დიდი ობიექტების გათბობა - გაგრილების სისტემებს, ისევე, როგორც დანადგარ-მაცივრებს. რაოდენობრივ ნაწილში უფრო მეტია ბინაზე გამოძახების შეკვეთები, თუმცა ბევრად უფრო მოცულობითია კორპორატიული მიმართულებით შესასრულებელი შეკვეთები. ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, იზრდება ჩვენი სერვისების ჩამონათვალი და ამ კუთხით ჩვენი კომპეტენციაც, შესაბამისად იზრდება კომპანიების ჩამონათვალიც,“ - აღნიშნავს Mr. Master-ის ტექნიკური მენეჯერი, გიორგი ჟორჟოლიანი.