"კერძო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წლის საფასური დრამატულად არ გაიზრდება"
2023-2024 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებში სწავლის საფასური დრამატულად არ გაიზრდება, ზრდა საშუალოდ 10%-ის ფარგლებშო იქნება.
ამის შესახებ საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დირექტორმა არჩილ სუმბაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სკოლების ნაწილის სატარიფო პოლიტიკა ლოიალურია იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებიც დიდი ხანია სწავლობენ. ზრდა ახალ ნაკადს ეხება, თუმცა სკოლების მიდგომა განსხვავებულია და პირობები ხელშეკრულებებშია გაწერილი.
არჩილ სუმბაძის განცხადებითვე, ამ სექტორში ფასების ზრდაზე ძირითად გავლენას ინფლაცია ახდენს და მთავარი, საითკენაც გაზრდილი თანხები მიემართება, პერსონალის ხელფასებია. როგორც სუმბაძე განმარტავს,პანდემიის პერიოდში სკოლების ადმინისტრაციებმა პერსონალს ხელფასები ვერ მოუმატეს, ამიტომ ეს პაუზა ახლა აანაზღაურეს და შესაბამისად, ხელფასებიც მნიშვნელოვნად გაზარდეს.
ამასთან, არჩილ სუმბაძის თქმით, სექტორი იზრდება, ძირითადად - არა ახალი სკოლების, არამედ არსებული, ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდების ფილიალების გახსნის გზით. ყველაზე მნიშვნელოვან დაბანდებად კი „საქართველოს კაპიტალის“ ინვესტიციებს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კაპიტალით რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა „მწვანე სკოლის“ ახალი, მეორე კამპუსის გახსნა ნაძალადევის რაიონში, ასევე „ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“, „ბაქსვუდის“ ახალი კამპუსი მარშალ გელოვანზე.
„სკოლები ხსნიან ფილიალებს, რაც მოთხოვნას ანაწილებს. ეს კი ბაზრისთვის ცუდი არაა, რადგან აჩენს ახალ სტიმულებს როგორც ხარისხის გაუმჯობესების, ისე კონკურენტული ფასის დაწესების კუთხით. მაგალითად, გაიხსნა „მწვანე სკოლის“, „ბაქსვუდის“ ახალი ფილიალები,“ - განაცხადა სუმბაძემ და აღნიშნა, რომ კერძო სკოლებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.