ბიზნესი
30/11/2020

კერძო საპენსიო სქემებში მონაწილეთა რაოდენობა მცირდება

კერძო საპენსიო ფონდების განვითარება დამუხრუჭებულია, სქემების მონაწილეთა რაოდენობა კი კლების ტრენდს აჩვენებს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის კერძო საპენსიო სქემაში სულ 15 848 ადამიანია ჩართული.

მართალია მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 191-ით შემცირდა, თუმცა 2018 წელს 1 ოქტომბრისთვის სქემის მონაწილეთა რაოდენობა 22 000-ს აჭარბებდა.

მონაწილეთა რაოდენობის შემცირება სახელმწიფო საპენსიო ფონდის შექმნას და კერძო საპენსიო სისტემებისთვის საგადასახადო შეღავათების არ არსებობას უკავშირდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ცოტა ხნის წინ სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ამბობდა, სახელმწიფო საპენსიო ფონდს მთავრობისგან იმხელა ხელშეწყობა აქვს, დანარჩენი საპენსიო ფონდების არსებობა ფაქტობრივად აზრს კარგავს. 

აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის პარლამენტში კერძო საპენსიო სქემების ხელშეწყობისთვის კანონპროექტიც შევიდა. კანონპროექტის მიხედვით შეიქმნება კერძო, ნებაყოფლობითი რეჟიმი, სადაც თავს მოიყრის საპენსიო შენატანები. 

ამ დროისთვის კერძო საპენსიო სქემაში 4 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს, თუმცა მათგან საპენსიო დანაზოგს მომხმარებელი 3 კომპანიაში "საქაერონავიგაციაში", "ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და "ალდაგში“ აკეთებს.

2020 წლის 9 თვეში საპენსიო შენატანების მოცულობა 3,53 მლნ ლარია, 14%-ით ვიდრე 2019 წლის 9 თვეში.

ამავე პერიოდში, საპენსიო სქემიდან გატანილი სახსრები კი თითქმის 1 მლნ ლარს აღწევს (2019 წლის იანვარ–სექტემბერში ეს მაჩვენებელი 15 მლნ-ს აჭარბებდა).

კომპანიების ჯამური საპენსიო რეზერვები 20,7 მლნ ლარია (2019 წლის 9 თვე – 16 მლნ ლარი), აქედან 13,4 მლნ ლარი "საქაერონავიგაციას" ეკუთვნის, 4,8 მლნ - „ალდაგს”, 2,5 მლნ ლარი – „ჯი პი აი ჰოლდინგს”.

სქემის საინვესტიციო შემოსავალი სულ 1,48 მლნ-ია.

Businesspartner