"კავკასუს როუდ პროჯექტი" სახელმწიფო ტენდერებში ფასების ინდექსაციას ითხოვს
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული პრობლემების, ლარის კურსის არასტაბილურობისა და მაღალი ინფლაციის ფონზე სახელმწიფო ტენდერებში ფასების ინდექსაციის საკითხი ისევ აქტუალური ხდება.
კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდის შედეგად შექმნილ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, მკვეთრად გაძვირდა მასალები, რაც სამშენებლო კომპანიებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ტრაპაიძე აცხადებს, რომ სირთულეს ტენდერების შედეგად დადებული ხელშეკრულებები ქმნის, რომელიც ეროვნულ ვალუტაშია დაფიქსირებული. "კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, რატომ არის ჩადებული დონორი ორგანიზაციების დაფინანსებულ პროექტებში ინდექსაციის კომპონენტი და იგივე რატომ არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებში.
„საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა და სწრაფად გადაწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდება. შეიძლება სახელმწიფოში იყოს პროექტების ორი სხვადასხვა ფორმით დაფინანსება? დონორი ორგანიზაციების დაფინასნებულ პროექტებში ინდექსაცია გათვალისწინებულია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულებში - არა. რა დააშავა კომპანიამ, თუ გაძვირდა არმატურა? მისი ბრალია? ჩვენ გვიწევს ზედნადების და მოგების ხარჯები დაახლოებით 5-6%,“ - აცხადებს ტრაპაიძე.
მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მეტალის ღირებულება დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა. გაძვირდა საწვავიც, რომელიც ყველაფრის გაძვირების წინაპირობაა. ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში ქართულ კომპანიებს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ხელშეკრულებები ეროვნულ ვალუტაში აქვს.
„პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პროექტების შესრულება, თუ ფასების ინდექსაცია არ მოხდა. ეს კი მარტივი გასაკეთებელია, ნებისმიერ ხელშეკრულებაში ჩასადებია 4 სხვადასხვა კომპონენტის ინდექსაცია: საწვავის, მეტალის, ცემენტი/ბეტონის და სავალუტო კურსთაშორის სხვაობის. ერთ-ერთ კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ 2022 წლის 21 თებერვალს, კურსი იყო 2.97, ომი დაიწყო 24 თებერვალს და დღეს 1 დოლარი 3.23 ლარი ღირს. მოლოდინები ცუდია, დიზელის ფასი დღეს 4 ლარამდე ავიდა, მაშინ, როდესაც 24 თებერვალს 2.90 ლარი ღირდა.
არმატურის ფასი, რომელიც 21 თებერვალს $900-ს შეადგენდა, დღეს მისი ღირებულება $1200-ია. ჩვენ თუ ამ პროექტებს არ შევასრულებთ ჯარიმები დაგვეკისრება. ვკითხულობ, რატომ, რისთვის?" - აცხადებს ტრაპაიძე.
ტრაპაიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიამ მიმართა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თუმცა, ერთ კონკრეტულ უწყებას არ შეუძლია კანონების შეცვლა და ეს მთავრობის პრეროგატივაა.
თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებში ინდექსაციის კომპონენტი არ იქნება გათვალისწინებული, ტრაპაიძე აცხადებს, რომ ბევრი ქართული კომპანია გაკოტრდება და ბაზრიდან გავა.
„ჩვენს კომპანიას შველის ის, რომ ერევანში ვაშენებთ ხიდს და გვაქვს შემოსავალი. ამ ბაზარზე რა თქმა უნდა არ მივიღებთ მონაწილეობას. ამ პირობებით აქ ოპერირება შეიძლებელია,“ - აცხადებს ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, რომ მშენებლები ფასების ინდექსაციის საკითხის გათვალისწინებას სახელმწიფო ტენდერებში წლებია ითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ.