ბიზნესი
22/06/2021

კასპის საკონსერვო ქარხანამ ხორცის კონსერვების გამოშვება გადადო

კასპის საკონსერვო ქარხანამ ხორცის კონსერვების გამოშვება გადადო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, დაგეგმილი იყო მოთუშული ხორცის წარმოების დაწყება, რომელიც დახლზე თუნუქის ქილებში გამოჩნდებოდა.

„დაწყებული გვაქვს ხორცის საწარმოო ხაზისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების მოძებნის პროცესი, თუმცა პანდემიის გამო ამ პროექტის დაწყება  სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გადაიდო,“ - აცხადებს მერებაშვილი.

კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე მთლიანად შიდა ქართლიდან და მარნეულიდან.

კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე გააქვს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა, უკრაინა და ისრაელი. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვეიცარიასთანაც.