ბიზნესი
16/09/2022

ქართველი მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში – თბილისში სოციალური კონცეფციის უნიკალური მაღაზია "ესკი" გაიხსნა

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური კონცეფციის უნიკალური მაღაზია "ესკი" გაიხსნა, რომელმაც პირველად ქართველი მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა.

პროექტის კონცეფცია სოციალურად პასუხისმგებლიან შესყიდვებს ემყარება და წარმოადგენს სივრცეს, სადაც ადამიანები სამყაროზე დადებითი გავლენის მოხდენის სურვილით ერთიანდებიან.

ამასთან, მაღაზია სოციალური საწარმოების უმრავლესობას, რომელთაც შეზღუდული ფინანსების გამო არ აქვთ საკუთარი სივრცე, პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.

დამატებით, შოურუმი გაზრდის ცნობადობის დონეს თითოეული სოციალური საწარმოს შესახებ, რაც მომავალში ხელს შეუწყობს კორპორატიულ თანამშრომლობებს მსხვილ ბიზნეს კომპანიებთან. ამ ეტაპზე მაღაზია/შოურუმში 20 სოციალური საწარმოს პროდუქციაა წარმოდგენილი და ეს მონაცემი მზარდია.

სოციალურ მეწარმეთა ალიანსის დირექტორი სალომე კუსიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სოციალურ საწარმოებს ერთგვარი სარგებლის ერთგვარი ბენეფიტის სახით საშუალება ექნებათ მივიდნენ მათ სივრცეში და გამოიყენონ საჭიროებისამებრ, ამით კი კიდევ უფრო შეუწყონ ხელი მათ განვითარებას და მომავალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას.

„სოციალურ საწარმოთა ალიანსი წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს მოქმედ სოციალურ საწარმოებს და ამავე დროს ჩვენს მისიას წარმოადგენს სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ეკოსისტემის განვითარებაზე მუშაობა და ზოგადად კონცეფციაზე ცნობადობის ამაღლება. მოხარული ვართ რომ წელს შესაძლებელი გახდა ევროპკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ რომ თბილისში პირველად და ზოგადად საქართველოსი პირველად გახსნილიყო სოციალური კონცეფციის მაღაზია, რომელიც გააერთიანებს მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქციას.“–ამბობს სალომე კუსიანი.

ცნობისთვის, პროექტი ევროკავშირისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამსრომლობით განხორციელდა.