ქართული წარმოების სიგარა და სიგარელა ისრაელში იყიდება
ქართული წარმოების სიგარა და სიგარელას ახალ საექსპორტო ბაზრებზე გატანა იგეგმება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სიგარის მწარმოებელი კომპანია „იმერის" ხელმძღვანელმა თამაზ თურმანიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ისრაელ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ისარელში თვეში 50 000 დოლარის პროდუქტი გადის.
მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება საექსპორტო ქვეყნების ნუსხის გაფართოება, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ქართული სიგარის და სიგარელას კომპანიის წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ბათუმსა და ფოთის სუპერმარკეტებში იყიდება.
კომპანია „იმერი“ ამ დროისთვის 24 დასახელების ქართულ სიგარას და 5 დასახელების გასახვევ თამბაქოს აწარმოებს. პროდუქტი ბაზარზე „არგოს" ბრენდით იყიდება.
„იმერი“ ხელით დამზადებულ სიგარას, სიგარელას და გასახვევ თამბაქოს 2014 წლიდან აწარმოებს. ქარხანა აჭარაში, ქედაში მდებარეობს. კომპანია 2 წლის წინ სახელმწიფო აგროპროექტის ფარგლებში 40 000 დოლარით დაფინანსდა.