“ქართული ტექსტილი“ სახელმწიფოს დღეში 500 000 პირბადეს აწვდის - ერთი ცალის ფასი 18 თეთრია
ქართული პირბადის მწარმოებელი კომპანია „ქართული ტექსტილი“ დღეში 0,5 მლნ ცალ ერთჯერად პირბადეს აწარმოებს. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი გვენეტაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად კომპანია სახელმწიფოს ერთ ცალ პირბადეს 18 თეთრად აწვდის.
მისი ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე წლის მაისამდე მხოლოდ დოლბანდის მრავალჯერად პირბადეებს აწარმოებდა, თუმცა ახალი დანადგარების დამონტაჟების შემდეგ, „ქართული ტექსტილი“ ერთჯერად პირბადეებსაც აწარმოებს.
როგორც გვენეტაძე განმარტავს, მრავალჯერად პირბადეებს ძირითადად სამშენებლო კომპანიები მოიხმარენ. „ამ დროისთვის მრავალჯერადს აღარ ვაწარმოებთ, რადგან 3 მლნ ცალი დასაწყობებული გვაქვს,“ - აცხადებს გვენეტაძე.
„ქართული ტექსტილის“ ხელმძღვანელი პირბადეებზე დეფიციტს გამორიცხავს. კომპანიას პირბადები ექსპორტზეც გააქვს როგორც ამერიკაში, ისე ევროპის ქვეყნებში.
"ქართული ტექსტილი“ 2018 წელს დაფუძნდა და ის შპს Miller Industrial Group-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიას საწარმო აქვს როგორც თბილისში, ასევე ტყიბულში, სულ Miller Industrial Group-ში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.