ქართული რძის პროდუქტების კატალოგი იქმნება
ქართული ყველისა და რძის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მალე კატალოგში განთავსდება. ამერიკული კომპანია "ლენდოლეიკის" "ინვესტირება უვნებელ მესაქონლეობაში“ პროექტის ფრგლებში, ქართული რძის პროდუქტების კატალოგზე მუშაობა 1 თვეში დასრულდება. პროექტს რძის გადამამუშავებელთა ასოციაცია ახორციელებს.
კატალოგში მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 30 დასახელების ყველი, მაწონი და სხვა რძემჟავა პროდუქტები შევა.
როგორც რძის გადამამუშავებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კონიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, კატალოგში, როგორც ყველასთვის ნაცნობი, ასევე მოსახლეობისთვის უცნობი ნაწარმიც შევა, რომლებიც ფართო მოხმარების პროდუქტს არ წარმოადგენენ. კატალოგი დატვირთული იქნება ფოტომასალით და მასში ასახული პროდუქტების შესახებ მოკლე ანოტაცია, წარმოშობისა და წარმოების პროცესის მოკლე აღწერაც იქნება დატანილი.
„საინტერესო და მნიშვნელვანი პროექტია, ამ კატალოგში შევა ბევრი ისეთი პროდუქტი, ყველი განსაკუთრებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გაგონილიც არ აქვს. ჩვენც აღმოჩენების წინაშე დავდექით, მაგალითად, კატალოგში შევა ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ყურუთი, კაიმაღი, გვაჯილა და ყველის ბევრი სხვა სახეობა,“ - ამბობს კახა კონიაშვილი.
ასოციაციაში ელიან, რომ კატალოგის შექმნა საქართველოში რძის პროდუქტების წარმოების დახვეწავს შეუწყობს ხელს და ამასთან, ბიზნესის მხრიდან უცნობი პროდუქტის მიმართ მეტ დაინტერესებას გამოიწვევს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს კატალოგი, რომელიც მომავალში დაიბეჭდება გახდება იმის საწყისი, რომ რძის გადამამუშავებელმა კომპანიებმა და ყველის მწარმოებელმა კომპანიებმა აიღონ თავის წარმოებაში და უკვე მოსახლეობის ფართო სპექტრს შესთავაზონ ეს პროდუქცია. დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება ბევრი პროდუქტი სხვადასხვა რეგიონში, რომელიც ჩვენ შესწავლილი ჯერ არ გვაქვს და მომავალში როგორც ღვინომ მოიკიდა ფეხი და ღვინის კულტურა დაიხვეწა საქართველოში, ასევე დაიხვეწება და თავის სათანადო ადგილს დაიკავებს რძის პროდუქტების და ყველის წარმოებაც,“ - განაცხადა კახა კონიაშვილმა.